

გუშინ შედგა კოპა დელ რეის მერვედფინალური მატჩი, სადაც "ბარსელონამ" ქვედალიგელი "სეუტა" ანგარიშით 5:0 გაანადგურა.
"ბლაუგრანას" მხრიდან თავი დუბლით რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა, თითო-თითო გოლი კი რაფინიამ, ანსუ ფატიმ და ფრანკ კესიემ გაიტანეს.
თამაშის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"უპირველეს ყოვლისა, ხაზს ვუსვამ გუნდის დამოკიდებულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მოედანზე თამაში ადვილი არ არის."
"დღეს ვინც ითამაშა, არ არიან მეორეხარისხოვანი მოთამაშეები. ჩვენ გუნდი ვართ და ისინი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. დაცვაში დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. კარგ მომენტში ვართ და ამით უნდა ვისარგებლოთ."
"ფერანს შეიძლება ბევრი გოლი არ გააქვს, მაგრამ გუნდისთვის ბევრს აკეთებს. კვირას ანსუ სასტარტოში იქნება."
"ტრაგედია არ იქნება, რომ ვერავინ ვიყიდოთ, მაგრამ მე მინდა გავაძლიერო შემადგენლობა."
"მომდევნო რაუნდში სახლში თამაშს ვისურვებდით."
"მემფისმა გვითხრა, რომ მას წასვლა სურდა. ვფიქრობ, ეს ჯერ ოფიციალური არ არის, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ მის აზრს."
"ნელ-ნელა ვუმჯობესდებით ბევრ ასპექტში. მეტი თავდაჯერებულობა გვაქვს. სუპერთასმა უნდა მოგვცეს ნახტომი ხარისხში - ეს ისაა რასაც ვეძებდით... ჩვენ გვინდა კოპა დელ რეის მოგება." - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში თავიანთ მეტოქეს კატალონიელები დღეს გაარკვევენ.