• 16-03-2024
    კეინმა კოჭი გადაიბრუნა - რას ამბობენ "ბაიერნში"
    კეინმა კოჭი გადაიბრუნა - რას ამბობენ "ბაიერნში"

    მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში "დარმშტატს" გამანადგურებელი ანგარიშით, 5:2 მოუგო და ლიდერ "ლევერკუზენთან" ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა (თუმცა ამ ტურში "ფარმაცევტებს" თავიანთი მატჩი ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ).

    შეხვედრა დატვირთული გამოდგა "რეკორდმაისტერის" ინგლისელი ცენტრფორვარდისთვის, რომელმაც პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გოლი გაიტანა, მატჩის ბოლოს კი იძულებით მოუწია მოედნის დატოვება.

    ჯერ გოლზე ვთქვათ: ჰარიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 31 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, რადგან აქამდე არცერთ დებიუტანტს არ ჰქონია ამდენი შედეგიანი დარტყმა გერმანიის ჩემპიონატის კონკრეტულ გათამაშებაში.

    რაც შეეხება ტრავმას, "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს თუ დავუჯერებთ, 30 წლის შემტევმა კოჭი გადაიბრუნა.

    "კეინი ძელს შეეჯახა და კოჭი ცოტათი გადაიბრუნა. კოჭზე მას ყინული დავადეთ. 

    სიახლე ჯერ არ გვაქვს. უნდა დავიცადოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერი იქნება," - თქვა ტუხელმა.

    თავად ჰარიმ X-ზე დადო პოსტი, სადაც ვკითხულობთ: "რეკორდის დამყარებით ვამაყობ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი კარგი გამარჯვებაა."

    დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაზე ცუდი, რაც ჰარისთვის შეიძლება მოხდეს, ინგლისის ნაკრების ამხანაგური მატჩების გამოტოვებაა. 23 მარტს "სამი ლომი" ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ხვდება, 26 მარტს კი ბელგიას დაუპირისპირდება. არაა გამორიცხული, კეინმა გარისკვა არ ისურვოს და განაცხადში იგი სხვამ ჩაანაცვლოს.

    Facebook კომენტარები