• 25-03-2024
    3 ფაქტორი, რომლებმაც საქართველოს საბერძნეთთან უნდა მოაგებინოს
    3 ფაქტორი, რომლებმაც საქართველოს საბერძნეთთან უნდა მოაგებინოს

    საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების გადამწყვეტი მატჩის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. ალბათ, შეხსენებას არ საჭიროებთ, თუმცა მაინც გეტყვით, რომ ამ შეხვედრის გამარჯვებული ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს. მაშადასამე, რაც არ უნდა ხშირად ამბობდნენ მავანნი, რომ ფეხბურთელების წნეხში მოქცევა და კონკრეტული მატჩის აუცილებლად მოსაგებად შერაცხვა არ შეიძლება, ფაქტს ვერსად გავექცევით - ეს მატჩი სწორედაც რომ აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიაში გადის.

    მეტოქე მშვიდად ყოფნის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს. ამ საუკუნეში ბერძნებს ევროპის ჩემპიონატი საერთოდ მოგებულიც აქვთ და მართალია, ბოლო პერიოდში დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიან (ბოლო პერიოდში მიჯრით გამოტოვეს რამდენიმე სანაკრებო ფორუმი), მაგრამ უკანასკნელ თვეებში მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებიან. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო რაუნდში მათ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ ნიდერლანდებსა და საფრანგეთს ჩამორჩნენ. სხვათა შორის, "მამლებს" შინ მათ დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეთ - გასული წლის ნოემბერში შემდგარი ოთხგოლიანი თრილერი ყაიმით დასრულდა. ელადელებს თვითრწმენას კიდევ უფრო გაუზრდიდა რამდენიმე დღის წინ ნათამაშები ნახევარფინალი, სადაც მათ ყაზახეთი უბრალოდ არ შეიმჩნიეს და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს.

    ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რთულია, რომ არ გაგიჩნდეს შეკითხვა, თუ რის ხარჯზე უნდა გაიმარჯვოს ხვალ საქართველოს ნაკრებმა. მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ 3 ფაქტორს, რაზეც "ჯვაროსანთა" იმედები იქნება დამყარებული.

    ხვიჩა კვარაცხელია

    დიდი მატჩების ბედს დიდი ფეხბურთელები წყვეტენ ხოლმე, კვარაცხელია კი ამისთვის მზად სრულ მზადყოფნაშია. ნოემბერში დაშვებული შეცდომა სავალალო არ აღმოჩნდა და ლუქსემბურგის ბარიერი სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის გარეშეც დაძლეულ იქნა, თუმცა ფინალში გაცილებით მცირეა იმის შანსი, რომ კვარაცხელიას გარეშე რამე გამოვიდეს. ცხადია, "ნაპოლის" ვარსკვლავისგან მომდინარე ხიფათზე ბერძნებმაც შესანიშნავად იციან და 23 წლის გარემარბს განსაკუთრებულ მეურვეობასაც დაუწესებენ. რამდენიმე მეტოქის დაჯაბნა ქართველს აქამდეც არაერთხელ გამოსვლია, ხოლო თუ მეტოქემ ხვიჩას გალიაში მოქცევა განიზრახა, ეს ვილი სანიოლის სხვა შეგირდებს გაუხსნით ხელ-ფეხს. 

    ხვიჩა კვარაცხელია ხვალინდელი მატჩის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც დიდ სანაკრებო ფორუმს ერთი-ორად გაალამაზებს, ოღონდ იქამდე ფინალია მოსაგები. ვინ იცის, ეს ფინალი მან პირადადაც მოიგო.

    სავსე "დინამო არენა"

    ავად თუ კარგად, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ "დინამო არენა" პირთამდე სავსე უნდა იყოს. ლუქსემბურგთან შეხვედრაში ქომაგმა თავისი ვალი პირნათლად მოიხადეს და იქამდე, სანამ მატჩის ბედი არ გადაწყდა, წამითაც არ გაჩერებულან. ტრიბუნების ზეწოლა წარმოადგენდა გარკვეულ ფაქტორს იმ ეპიზოდშიც, როდესაც მთავარმა არბიტრმა ლუქსემბურგელთა გოლი გააუქმა და მათ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გაუძევა. რაც არ უნდა გამოცდილი რეფერი იყოს ხოსე მარია სანჩეს მარტინესი, უპირველეს ყოვლისა, იგი ადამიანია, ადამიანთა უმრავლესობაზე კი 55-ათასადგილიანი სტადიონისგან მომდინარე სინქრონული ბრაზი და სამართლიანი მოთხოვნა აუცილებლად მოქმედებს ხოლმე.

    თავდაუზოგავი ქომაგობით ბერძენთა გაკვირვება იმაზე გაცილებით რთული ამოცანა იქნება, ვიდრე ამას ლუქსებურგელთა "შეშინება" წარმოადგენდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გულშემატკივრობის არსი არა მხოლოდ მეტოქეზე ზემოქმედება, არამედ შენიანების გამხნევებაცაა. ხვალ "დინამო არენამ" თითოეული მოგებული ორთაბრძოლა, თითოეული ზუსტი გადაცემა და თითოეული ჩაჭრა უნდა იზეიმოს, რათა ფეხბურთელებს წამითაც არ დაავიწყდეთ, რომ მათ გვერდით მთელი საქართველო დგას. გოლებსა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღნიშვნას შეხსენება არ დასჭირდება, მაგრამ იქამდე ბრძოლა ერთადაა მოსაგები.

    მეტი წყურვილი

    დიდი საფეხბურთო წარმატება, როგორიცაა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, ჩვენ უფრო გვწყურია, ვიდრე ბერძნებს. ელადელები ტურნირის აღნიშნულ სტადიაზე ბოლოს 2012 წელს იყვნენ და იქიდან 12 წელია გასული, თუმცა ჩვენ ამას ლამის სამჯერ დიდი ხანია ველოდებით. დღეს გავრცელებულმა ფოტოებმა, სადაც საბერძნეთის ნაკრების შეკრებიდან გამოპარული 4 წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ ასახული, ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა - ხვალ გამარჯვება ჩვენ გაცილებით მეტად გვწყურია, ვიდრე ბერძნებს. ამას ერთხელ უკვე წაგებული ფინალის ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტკივილიც განაპირობებს. არავის უნდა ფიქრი იმაზე, რომ უდიდესი ოცნების ახდენის იდეალურ შანსს ზედიზედ მეორედ გავატანთ ქარს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგებული იმ ავადსახსენებელი მატჩის ბევრი მონაწილე ხვალაც ითამაშებს. არა მხოლოდ მონაწილეები - ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას არ დაავიწყდებოდათ ის განცდა, რომელიც მაშინ დაეუფლათ, როცა შეიტყვეს, რომ თავიანთი კარიერის მთავარ თამაშს კორონავირუსის გამო გამოტოვებდნენ. საფეხბურთო ღმერთმა ვალი დააბრუნა და მათ კიდევ ერთი შანსი მიეცათ, რომლის გამოყენებაც მათივე ხელშია.

    ბოლოს კი ერთ სტატისტიკურ დეტალსაც მოგახსენებთ: ევროპის ჩემპიონატს ყოველთვის ჰყავდა ერთი დებიუტანტი მაინც, ამ ტრადიიცის გაგრძელება კი მხოლოდ საქართველოს შეუძლია, რადგან პლეი ოფში დარჩენილ სხვა 5 ქვეყანას ამ ტურნირზე მონაწილეობის ბედნიერება ერთხელ მაინც ჰქონია. ფეხბურთშ რომ ასეთი კანონზომიერებები ძალიან იშვიათად ირღვევა, ალბათ, შესანიშნავად მოგეხსენებათ.


    Facebook კომენტარები