• 02-04-2024
    ჩავის 3 პირობა - რა შემთხვევაში დარჩება მწვრთნელი გუნდში
    ჩავის 3 პირობა - რა შემთხვევაში დარჩება მწვრთნელი გუნდში

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა 27 იანვარს გამოაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებდა. ამის შემდეგ "ბლაუგრანას" სათამაშო ხარისხი გამოსწორდა, კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც გავიდა და უფრო და უფრო ხშირად გაისმის შეკითხვა იმის თაობაზე, ხომ არ შეცვლის "მაესტრო" მიღებულ გადაწყვეტილებას.

    Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, 44 წლის სპეციალისტი ჯერ კიდევ უარზეა, თუმცა წასვლის გადასაფიქრებლად ამ 3 პირობის შესრულება იქნება საჭირო.

    1. "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად უნდა გამოვიდეს. ძალიან კარგ შედეგად ფინალში გასვლა ან სულაც მისი მოგება ჩაითვლება. "ბარსელონამ" ლა ლიგისთვისაც ბოლომდე უნდა იბრძოლოს. ცხადია, ეს მოთხოვნა ფეხბურთელებისადმი უფროა მიმართული, ვიდრე ხელმძღვანელობისადმი.

    2. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შემადგენლობა მნიშვნელოვნად უნდა გააძლიერონ. ჩავის "ბარსას" ახალგაზრდები ძალიან მოსწონს, თუმცა შესანიშნავად ესმის, რომ მხოლოდ მათზე დაყრდნობით სერიოზულ შედეგებზე საუბარი შეუძლებელია.

    ჩავი "ბლაუგრანასგან" იმ ფეხბურთელების დამატებას მოითხოვს, რომელთა ტრანსფერები თავად უკვე შეთანხმებული ჰქონდა. საუბარია მარტინ ზუბიმენდიზე, ბერნარდუ სილვასა და იოზუა კიმიხზე. სამივე მათგანი ჩავის საოცნებო სამიზნეთა სიაში შედის, მაგრამ კლუბის მძიმე ფინანსური მდგომარეობა ამ ტრანსფერების განხორციელების საშუალებას არ იძლევა.

    3. "მაესტროს" იმის გარანტიაც უნდა, რომ კლუბი ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემებს გადალახავს და ახალი სეზონისთვის ფეხბურთელების დარეგისტრირება პრობლემა არ იქნება.

    "ბარსას" ლეგენდის მთავარ მწვრთნელად შენარჩუნება ძალიან სურს ჟოან ლაპორტას, თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს პრეზიდენტი თავისი რჩეული სპეციალისტისთვის ამდენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 

    Facebook კომენტარები