• 28-06-2023
    მორიგ ისტორიულ მოვლენასთან ახლოს - რა შემთხვევაში მოიპოვებს საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საგზურს
    მორიგ ისტორიულ მოვლენასთან ახლოს - რა შემთხვევაში მოიპოვებს საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საგზურს
    Author of the article
    Aa

    საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია და ტიტულისკენ დაწყებულ მსვლელობას აგრძელებს, თუმცა სასწორზე არა მხოლოდ ჩემპიონობა, არამედ კიდევ ის არის, რაც საქართველოს არასდროს ღირსებია - ზაფხულის ოლიმპიადის საგზური სპორტის გუნდურ სახეობაში.

    საქართველოსა და რუმინეთში ოლიმპიადის 3 საგზური თამაშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზში მოსახვედრად "ჯვაროსნებს" ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო 3 გუნდში გასვლა დასჭირდებათ.

    C ჯგუფის მეორეადგილოსანთან გასამართი მეოთხედფინალური მატჩის მოგება და ნახევარფინალისტთა შორის ყველაზე უარესობის თავიდან არიდება - სწორედ ეს არის ის ფორმულა, რაც რამაზ სვანაძის შეგირდებს ოლიმპიადაზე თამაშის უფლებას გარანტირებულად მოუტანთ.

    მიუხედავად ამისა, არსებობს შანსი, "ჯვაროსნებმა" ეს გაცილებით ნაკლები ძალისხმევის გაწევითაც მოახერხონ.

    საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩემპიონატზე მოთამაშე ორი გუნდი ოლიმპიადისთვის ბრძოლაში ჩართული არაა. საფრანგეთი ოლიმპიადის მასპინძელია და თავის დედაქალაქში აუცილებლად იქნება, ინგლისს კი პარიზში დამოუკიდებლად გამოსვლის უფლება არ გააჩნია, რადგან იქ ფეხბურთელებმა დიდი ბრიტანეთის სახელით უნდა ითამაშონ.

    ინგლისის ნაკრები უკვე პლეიოფშია და იქ პორტუგალიას შეხვდება. ჯგუფში 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვთ "მამლებსაც" და, წესით და რიგით, მეოთხედფინალს მათაც უნდა უწიონ. თუ ამ ნაკრებებიდან ნახევარფინალს ერთი მაინც მიაღწევს, დანარჩენი 3 ნახევარფინალისტი ავტომატურად მიიღებს პარიზში თამაშის უფლებას. თუ ინგლისიც და საფრანგეთიც გავლენ საუკეთესო ოთხეულში, მაშინ საგზურს ტურნირის მეხუთეადგილოსანი დაიმსახურებს.

    რაც შეეხება მოცემულობას, როცა ნახევარფინალში ვერც ინგლისი თამაშობს და ვერც საფრანგეთი, მაშინ წაგებულ ნახევარფინალისტებს შორის მესამე ადგილისთვის მატჩი დაინიშნება (რომელიც გათვალისწინებული არაა) და ოლიმპიადაზე მოთამაშე მესამე გუნდიც იქ გაირკვევა.

    Facebook კომენტარები