• 29-12-2022
    მბაპე: "მარტინესის აღნიშვნა? ასეთ უაზრობებზე დროს არ ვკარგავ"
    მბაპე: "მარტინესის აღნიშვნა? ასეთ უაზრობებზე დროს არ ვკარგავ"
    Aa

    "პარი სენ ჟერმენმა" მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ თავისი პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. პარიზელებმა გუშინ "სტრასბურგს" უმასპინძლეს და უმძიმეს ბრძოლაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.


    ლიგა ერთის ლიდერები მე-14 წუთზე მარკინიოსის გოლით დაწინაურდნენ. 51-ე წუთზე ბრაზილიელმა მცველმა უკვე ავტოგოლი გაიტანა. აქედან მალევე მარკინიოსის თანამემამულე ნეიმარ ჟუნიორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "პსჟ" 10 კაცით დარჩა, თუმცა გუნდმა გამარჯვება მაინც მოპოვა. რა გასაკვირია, რომ ეს კილიან მბაპეს წყალობით მოხდა - დამატებული დროის მე-6 წუთზე, 24 წლის თავდამსხმელმა თავისივე აკიდებული პენალტი ზუსტად დაარტყა.


    შეხვედრის შემდეგ კილიანს ჟურნალისტებმა შეკითხვა ლიონელ მესისა და არგენტინის ნაკრების შესახებ დაუსვეს.


    "ფინალის შემდეგ ლეოს ვესაუბრე და მივულოცე. ეს მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ასევე ჩემთვისაც, მაგრამ მე ჩავფლავდი. ყოველთვის სამართლიანად უნდა ითამაშო და აღნიშვნა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ასეთ უაზრო თემებზე დროს არ ვკარგავ.


    ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდს მაქსიმუმი მივცე. ახლა ლეოს დაბრუნებას დაველოდებით, რათა გოლები გავიტანოთ და მატჩები მოვიგოთ," - თქვა მბაპემ.


    შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა არგენტინელი ქომაგებისგან დაცინვის დიდი დოზა მიიღო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ უჭირავს "ალბისელესტეს" გოლკიპერს, ემილიანო მარტინესს მბაპეს მტირალა თოჯინა, რომელიც, უდიდესი ალბათობით, მას სწორედ გულშემატკივრებმა ესროლეს.


    ცნობისთვის, "პარი სენ ჟერმენს" ლეო მესი იანვრის დასაწყისში დაუბრუნდება. მოედანზე მას 11 იანვრიდან ელოდებიან, მანამდე კი პარიზელები მომდევნო მატჩს პირველ იანვარს, "ლანსის" წინააღმდეგ გამართავენ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები