• 04-03-2024
    მბაპემ და ენრიკემ სიტუაციის გასარკვევად ისაუბრეს
    მბაპემ და ენრიკემ სიტუაციის გასარკვევად ისაუბრეს
    Author of the article
    Aa

    "პარი სენ ჟერმენის" მთავარი ვარსკვლავი, კილიან მბაპე უკანასკნელ ორ მატჩში მოედნიდან ნაადრევად გაიყვანეს. ჯერ ეს "რეიმსთან" შეხვედრის მეორე ტაიმში მოხდა, როცა მისი გუნდი აგებდა (შეცვლაზე შესულმა გონსალუ რამუშმა ანგარიში გაათანაბრა), შემდეგ კი "მონაკოს" წინააღმდეგ ნულოვანი ფრით დასრულებული შეხვედრის შესვენებისას.

    ვითარება კიდევ უფრო იმან დაძაბა, რომ მონეგასკებთან შეცვლილი მბაპე სათადარიგოთა სკამზე კი არ გაჩერდა, გამოიცვალა და ტრიბუნაზე, თავისი გარემოცვის წევრებთან ერთად მოთავსდა. სწორედ იქიდან მიადევნა მან თვალი მატჩის დარჩენილ დროს.

    ESPN-ის ინფორმაციით, 25 წლის თავდამსხმელი ვითარების გასარკვევად პარიზელთა მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს საგანგებო შეხვედრაზე გაესაუბრა.

    ესპანელმა სპეციალისტმა კილიანს უთხრა, რომ იგი მოედნიდან ტაქტიკური მიზეზების გამო გაჰყავდა და ამას მისი წასვლის გადაწყვეტილებასთან საერთო არაფერი აქვს.

    როგორც მოგეხსენებათ, ავტორიტეტულმა წყაროებმა უკვე დაადასტურეს, რომ მბაპე "პსჟ-ს" სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. იგი მადრიდის "რეალს" შეუერთდება.

    ზაფხულამდე კიდევ რამდენიმე თვეა, იქამდე კი კილიანი ეცდება, პარიზელებს ტიტულებით დაემშვიდობოს. ლიგა ერთის ჩემპიონობა გუნდს თითქმის განაღდებული აქვს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლასთანაც ახლოსაა - სან სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" სათამაშოდ ფრანგები "პარკ დე პრენსზე" მოგებული 2:0-ით ჩადიან.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები