კილიან მბაპე "პარი სენ ჟერმენიდან" ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე წავა. ეს დორტმუნდის "ბორუსიამ" უზრუნველყო, რომელმაც პარიზელებს შინაც და გასვლაზეც მოუგო და მიმდინარე გათამაშებას ნახევარფინალური ეტაპიდან გამოთიშა.
გუშინ ჩატარებული მატჩი კილიანის პარიზულ კარიერაში გამორჩეულთა შორის ნამდვილად ვერ მოხვდებოდა. 25 წლის მეგავარსკვლავი გერმანელთა დაცვის ხაზმა მეტ-ნაკლებად გაანეიტრალა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ L'Equipe-მ "პსჟ-ს" ლიდერს შეფასებად 2 ქულა დაუწერა (10-დან).
მბაპე ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე საკუთარ პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებს. ამის შესახებ მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
"მაქსიმალურად ვეცადე, რომ გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ საკმარისი მაინც ვერ გავაკეთე. როცა საჯარიმოში ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, მიზანში მე ვარ ამოღებული. მე ვარ ის, ვინც გოლებს უნდა იტანდეს და თამაშში გადამწყვეტ როლს ასრულებდეს. როცა ყველაფერი კარგად მიდის, ყურადღების ცენტრში მე ვხვდები, ამიტომ როცა რაღაც ცუდი ხდება, პასუხისმგებლობაც უნდა ავიღო. ეს პრობლემა არაა. პირველი, ვისაც დღეს გოლი უნდა გაეტანა, მე ვიყავი. ცხოვრება ასეთია და მეც და გუნდმაც ეს უნდა გადავხარშოთ.
არ ვიცი, მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო თუ არა. მათი დაკნინება საჭირო არ არის. ჩემი მოკრძალებული აზრით, ისინი საჯარიმოებში უკეთ მოქმედებდნენ. ჩვენს საჯარიმოში ერთხელ თუ ორჯერ აღმოჩნდნენ და გოლი გაიტანეს. მათსაში ხშირად ვხვდებოდით, მაგრამ მოწინააღმდეგის კარი მაინც ვერ ავიღეთ. ფაქტი ასეთია.
უიღბლობაზე ლაპარაკი არ მიყვარს. როცა კარგად აკეთებ შენს საქმეს, ბურთი ძელს კი არ ხვდება, კარში შედის. დღეს შემტევები საკმარისად კარგები არ ვყოფილვართ," - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიანი "პსჟ-ს" სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. გადაწყვეტილია მისი მადრიდის "რეალში" გადაბარგებაც, თუმცაღა მბაპეს პარიზში ერთი საქმე მაინც დარჩა შესასრულებელი; 25 მაისს მან საფრანგეთის თასის ფინალში "პსჟ-ს" ლიონის "ოლიმპიკთან" უნდა მოაგებინოს.