"ბრაიტონ ჰოუვ ალბიონი" თავის გერმანელ ნახევარმცველს, პასკალ გროსს დორტმუნდის "ბორუსიაში" გაყიდის. კლუბებმა 7 მილიონი ევროს ღირებულების ტრანსფერი უკვე შეათანხმეს.
ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელად პასკალის თანამემამულე, ფაბიან ჰიურცელერი დაინიშნა, თუმცა 33 წლის შუახაზელისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არ აღმოჩნდა; იგი სამშობლოში დაბრუნების სურვილმა გადაწონა.
გამოცდილი ნახევარმცველი ფრანკფურტის "აინტრახტის" სამიზნეც გახლდათ. "არწივებმა" ბოლო კვირებში რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს პასკალის გადასაბირებლად, მაგრამ ამაოდ. "შავ-ყვითლები" ჯერ 7 მილიონ ევროს გადაიხდიან, ბონუსების ჩათვლით კი სატრანსფერო თანხამ შეიძლება 9 მილიონ ევროსაც უწიოს.
"რა თქმა უნდა, პასკალის შენარჩუნებას ვისურვებდით, მაგრამ კარგად გვესმის კარიერის ის ეტაპიც, რომელზეც ახლა იგი იმყოფება და ისიც, თუ რისი მოტანა შეუძლია მისთვის "დორტმუნდში" წასვლას," - ეს "თოლიების" აღმასრულებელი დირექტორის, პოლ ბარბერის სიტყვებია.
გერმანელი ფეხბურთელი "ბრაიტონს" 2017 წელს "ინგოლდშტატიდან" შეუერთდა. "თეთრ-ლურჯების" მაისურით მან 261 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 52 საგოლე პასი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ პასკალი გასულ სეზონში "ბრაიტონის" საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.