ლონდონის "ვესტ ჰემ იუნაიტედი" ერთ ნაბიჯშია ერთდროულად ორი ტრანსფერის დახურვასთან. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
"ჩაქუჩების" პირველი დანამატი ნიკლას ფიულკრუგია. ინგლისელები 31 წლის თავდამსხმელთან ახლა კონტრაქტის დეტალებს ათანხმებენ. სატრანსფერო თანხაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს დორტმუნდის "ბორუსიასთანაც".
ლონდონის ოლიმპიური სტადიონის ბინადრებმა "ასტონ ვილადან" ჯუნ დურანის წაყვანა ვერ შეძლეს, ამიტომ გერმანელ შემტევზე გადაერთვნენ.
ნიკლასით "ვესტ ჰემი" შარშანაც ინტერესდებოდა, მაგრამ მაშინ მან "ვერდერიდან" "დორტმუნდს" მიაშურა. "შავ-ყვითლების" მაისურით ჩატარებულ 43 მატჩში ფიულკრუგმა 15 გოლი გაიტანა, ევრო 2024-ზე კი თავი 2 შედეგიანი დარტყმით გამოიჩინა.
რაც შეეხება ლონდონელთა მეორე ახალწვეულს, იგი "ლიდს იუნაიტედის" ნიდერლანდელი გარემარბი, კრისენციო სამერვილი იქნება.
სამერვილს "ლიდსთან" კონტრაქტით კიდევ ორი წელი აკავშირებს, თუმცა იორკშირის დატოვება ამ ზაფხულსვე უნდა. მასთან მოლაპარაკება "ვესტ ჰემისთვის" პრობლემა არ უნდა იყოს
აქვე ვახსენოთ, რომ "ჩაქუჩები" ახლოს არიან "მანჩესტერ იუნაიტედიდან" აარონ ვან ბისაკას გადაბირებასთანაც. ხულიენ ლოპეტეგის გუნდს ასევე უკავშირებენ "ვილიარეალის" ნორვეგიელ ფორვარდს, ალექსანდრ სორლოტს.