ლონდონის "ტოტენჰემმა" თავის აზიურ ტურნეზე დღეს მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. "დეზები" მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდნენ, ანგარიშით 1:2.
"რეკორდმაისტერმა" უპირატესობა ხელთ თავიდანვე იგდო. მე-4 წუთზე ისინი გაბრიელ ვდოვიჩმა დააწინაურა, 56-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე ლეონ გორეცკამ გაზარდა. ერთადერთი, რაც ინგლისელებმა გაახერხეს, პედრო პოროს მიერ 66-ე წუთზე გატანილი ულამაზესი გოლი გახლდათ.
სანამ "ტოტენჰემის" დანარჩენი ფეხბურთელები "ბაიერნს" ეთამაშებოდნენ, ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ კრისტიან რომერო მოექცა. ამის მიზეზი მოარული ხმებია, რომელიც არგენტინელ მცველს ჩრდილოეთ ლონდონიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
26 წლის ფეხბურთელს ამის შესახებ ESPN-მა ჰკითხა.
"ყოველთვის მაქსიმალურად ვიხარჯები. "ტოტენჰემს" დიდ პატივს ვცემ. ისინი მუდამ მხარში მედგნენ, ამიტომ აქ თამაში მომწონს.
სხვა კლუბებზე ან სხვა შესაძლებლობებზე არ ვფიქრობ. ვიცი, რომ შესაძლო ტრანსფერზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ მშვიდად ვარ.
კლუბში უფრო წინ ვარ აწეული, ვიდრე ეროვნულ ნაკრებში. ევროპაში კიდევ ბევრი წელი ვითამაშებ და ვნახოთ, რა მოხდება. იმედია, წელს "ტოტენჰემში" ტიტულს მოვიგებთ," - თქვა რომერომ.
The Standart-მა კრისტიანი მადრიდის "რეალს" დაუკავშირა, თუმცაღა სამეფო კლუბის" თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა თავისი კლუბისთვის დახურულად გამოაცხადა. გარდა ამისა, თავად რომეროს განცხადებაც გვაფიქრებინებს, რომ იგი "ტოტენჰემ სთედიუმს" წელს არ დატოვებს.