Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" თანაქალაქელი "ბრენტფორდიდან" 28 წლის თავდამსხმელის, აივან ტოუნის დამატებას ცდილობს. "პენსიონერებმა" საამისო ნაბიჯი უკვე გადადგეს.
ინგლისელი ცენტრფორვარდი პრემიერ ლიგის პირველ ორ ტურში "ფუტკრების" სამატჩო განაცხადებს მიღმა დარჩა. მოარული ხმების თანახმად, აივანს საუდის არაბული "ალ აჰლი" საოცარი შეთავაზებით უხმობს თავისკენ, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩენის შანსი ფეხბურთელისთვის შეიძლება უფრო მაცდური აღმოჩნდეს.
როგორც ირკვევა, ტოუნის ფინანსური მოთხოვნები "ლურჯების" სახელფასო სტრუქტურაში ჯდება. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ჩელსის" მასში დიდი ფულის გადახდა მოუწიოს, რადგან აივანს "ბრენტფორდთან" კონტრაქტით მხოლოდ კიდევ ერთი წელი აკავშირებს.
თუ ტრანსფერი განხორციელდა, "ჩელსის" შემადგენლობა 44 ფეხბურთელამდე გაიზრდება. ცხადია, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, კლუბი ამ რიცხვის მაქსიმალურად შემცირებას უნდა ეცადოს.
"სტემფორდ ბრიჯზე" აივარის გადაბარგება მნიშვნელოვანი ამბავი იქნება "ნაპოლის" ნიგერიელი შემტევის, ვიქტორ ოსიმენისთვის, რომელიც ასევე მიიჩნეოდა ლონდონელთა სამიზნედ. "პარტენოპეის" ცხრიანისთვის საუდის არაბეთი შეიძლება კარიერის გაგრძელების ერთადერთი ვარიანტი აღმოჩნდეს.
აქვე გეტყვით, რომ "ბრენტფორდის" მაისურით ჩატარებულ 143 მატჩში ტოუნის 72 გოლი აქვს გატანილი. მის აქტივშია 23 საგოლე გადაცემაც.