• 31-08-2024
    ჰოლანდი: "სხეულიდან ძალის გამოშვება კარგი იყო"
    ჰოლანდი: "სხეულიდან ძალის გამოშვება კარგი იყო"

    ერლინგ ჰოლანდი ინგლისის პრემიერ ლიგის დატერორებას აგრძელებს. "მანჩესტერ სიტის" ცენტრფორვარდმა პრემიერ ლიგის პირველ ტურში, "ჩელსისთან" ერთი გოლი იკმარა, მერე "იფსვიჩს" ჰეთ თრიქი შეუსრულა, დღეს კი "ვესტ ჰემის" კარიც სამჯერ აიღო. 

    განსაკუთრებით ლამაზი ნორვეგიელის მეორე გოლი გამოვიდა, რომელიც მან თანაბარ ანგარიშზე, 1:1-ზე შეაგდო. 24 წლის შემტევმა რიკო ლევისისგან მიიღო ბურთი და "ჩაქუჩების" კარი საჯარიმოს მისადგომებიდან განხორციელებული დარტყმით გახვრიტა.

    მატჩის შემდეგ ერლინგმა Sky Sports-ს მცირე ინტერვიუც მისცა.

    "თავს კარგად და ენერგიულად ვგრძნობ. ხანგრძლივი არდადეგები და ხანგრძლივი პრესეზონი მქონდა, ამიტომ კარგად ვარ. თავსა და ფეხებს ცოტათი დასვენების საშუალება მივეცი. ახლა კიდევ უფრო მეტისთვის ვარ მზად.

    სამი მატჩი და ცხრა ქულა. სტარტი დიდებულია, მაგრამ ზედმეტად წინ არ უნდა გავიხედოთ, რადგან სეზონში კიდევ შეიძლება 70 მატჩის ჩატარება მოგვიწიოს. ასე რომ, მცირედით ამოვისუნთქოთ და მიზნები თამაშიდან თამაშამდე დავისახოთ.

    მეორე გოლი მართლა მომეწონა. სამივე გოლი კარგი იყო, მაგრამ მეორე განსაკუთრებით. რიკოს ბრწყინვალე პასი და იდეალური პირველი შეხება. ბურთი ცხრიანში შევარდა. სხეულიდან ცოტათი ძალის გამოშვება კარგი იყო," - თქვა ერლინგმა.

    შეგახსენებთ, რომ "სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. 14 სექტემბერს "ქალაქელები" "ბრენტფორდს" მიიღებენ.

    Facebook კომენტარები