• 01-09-2024
    სალაჰი: "მატჩის წინ ვფიქრობდი, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ბოლოჯერ ვთამაშობდი"
    სალაჰი: "მატჩის წინ ვფიქრობდი, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ბოლოჯერ ვთამაშობდი"

    "ლივერპულის" ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა, მუჰამედ სალაჰმა "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ისევ იფრინა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩში, რომელიც მერსესაიდელებმა 0:3 მოიგეს, 32 წლის გარემარბმა ჯერ ლუის დიასს გაუკეთა ორი საგოლე გადაცემა, შემდეგ კი თავადაც აიღო ანდრე ონანას კარი.

    სალაჰს "სქაუზერებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და, როგორც მატჩის შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ვიგებთ, "ლივერპულიდან" მოს მისი გახანგრძლივების თაობაზე ჯერ არ დალაპარაკებიან.

    "როგორც მოგეხსენებათ, ეს ჩემი ბოლო წელია "ლივერპულში".

    უბრალოდ მინდა, რომ სიამოვნება მივიღო და დასასრულზე არ ვიფიქრო. თავს თავისუფლად ვგრძნობ ფეხბურთის თამაშისთვის. მომავალ წელს კი ვნახავთ, თუ რა მოხდება.

    სიმართლე გითხრათ, მატჩის წინ ის განწყობა მქონდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ბოლოჯერ ვთამაშობდი. კლუბიდან არავინ დამკავშირებია კონტრაქტების თაობაზე.

    ეს არა ჩემი, არამედ კლუბის გადასაწყვეტია," - თქვა ეგვიპტელმა.

    "წითლებმა" პრემიერ ლიგის ახალი სეზონი სამიდან სამი გამარჯვებით დაიწყეს, სალაჰის მონაგარი კი 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ძნელი სავარაუდოა, "ლივერპულმა" ასეთ ფორმაში მყოფი ფეხბურთელის უფასოდ გაშვება გადაწყვიტოს, ამიტომ კონტრაქტზე საუბრის დაწყებას უახლოეს თვეებში უნდა ველოდოთ.

    Facebook კომენტარები