ჯეიდონ სანჩოს ლონდონის "ჩელსიში" წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "პენსიონერებში" განათხოვრებულმა ინგლისელმა "ბორნმუთთან" მატჩში საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი პასით კი კრისტოფერ ნკუნკუმ ისარგებლა და შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ჯეიდონი დასახელდა, მის შესახებ კი "ლურჯების" მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ მატჩის შემდგომ ისაუბრა.
"ჯეიდონი ძალიან დაგვეხმარა. დღეს მან ზუსტად ის გააკეთა, რაც მისგან გვჭირდება.
სანჩოს კარგად ვიცნობ, რადგან წარსულში ბევრჯერ მინახავს მისი თამაში და ვიცი, თუ რისი მოცემა შეუძლია ჩვენთვის.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჯეიდონი არის ადამიანი, რომელმაც უნდა იგრძნოს, რომ უყვართ. ეს ვიფიქრე, როდესაც მას ტრანსფერის გაოფიციალურებამდე გავესაუბრე. სანჩოს ასევე უნდა, რომ თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს.
მიუხედავად ყველაფრისა, მე თუ მკითხავთ, ჯეიდონმა ფეხბურთით მხოლოდ უნდა ისიამოვნოს. ფეხბურთელები ბედნიერნი უნდა იყვნენ. ხოლო როდესაც ასე იქნება, მერე ისინი კარგ შედეგებზეც გავლენ," - თქვა მარესკამ.
შეგახსენებთ, რომ სანჩო "სტემფორდ ბრიჯზე" ერთწლიანი იჯარით გადმობარგდა, თუმცა სეზონის ბოლოს "ჩელსის" მისი გამოსყიდვის ვალდებულებაც ექნება.
"ლურჯებს" მომდევნო მატჩი 21 სექტემბერს, თანაქალაქელი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ელოდებათ.