"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელ კაპიტანს, ბრუნო ფერნანდეშს ლონდონის "ტოტენჰემთან" მიღებული წითელი ბარათი გაუუქმეს.
30 წლის ვარსკვლავი შეხვედრის პირველ ტაიმში, ჯეიმს მედისონზე უხეშობის გამო გააძევეს. აშკარად ჩანდა, რომ ბრუნოს მიერ ინგლისელი ნახევარცველისთვის კოჭს ზევით ჩარტყმა მისმა ასრიალებამ გამოიწვია, თუმცა კრის კანავანამ ეს მოცემულობა არ გაითვალისწინა.
როგორც ჩანს, საფეხბურთო ასოციაციამ მნიშვნელოვანი ფაქტორი მხედველობაში მიიღო. "წითელი ეშმაკების" საჩივარი სწორედ ამიტომ დააკმაყოფილეს.
ფერნანდეში, რომელსაც წესით 3 მატჩი უნდა გამოეტოვებინა, კვირას, ბირმინგემის "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელს 9 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემაა.
აქვე გეტყვით, რომ "ვილანებს" "ეშმაკები" 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 17 საათიდან შეერკინებიან. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ახლა მე-13 ადგილზეა.