ორშაბათს პარიზში, შატლის თეატრში გამართულ ცერემონიაზე, სადაც 2024 წლის ოქროს ბურთის მფლობელი გამოვლინდა, მიუნხენის "ბაიერნის" ინგლისელ ცენტრფორვარდს, ჰარი კეინს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, რომ ოდესმე ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.
30 წლის სუპერვარსკვლავმა კუნძულზე დაბრუნება არ გამორიცხა.
"ბაიერნში" ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. გერმანულ ენასაც ვსწავლობ. კვირაში ორი გაკვეთილი მაქვს ძალიან კარგ მასწავლებელთან.
ახალი ენის შესწავლა იოლი არაა, მაგრამ იმედი მაქვს, "ბაიერნში" დიდხანს დავრჩები და რაღაც ეტაპზე, გერმანულადაც შემეძლება ლაპარაკი.
ოდესმე დავბრუნდები თუ არა ინგლისში? ერთ დღეს შეიძლება ესეც მოხდეს," - თქვა ჰარიმ.
კეინი ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-10 ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, "რეკორდმაისტერის" ცხრიანი გახდა გერდ მიულერის ჯილდოს თანამფლობელი (კილიან მბაპესთან ერთად). ეს პრიზი მას გასული სეზონის 45 მატჩში გატანილმა 44-მა გოლმა მოუტანა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჰარის პირველი ბავარიული სეზონი უტიტულო გამოდგა, თუმცა ამ ნავსის გატეხვას იგი წელს შეეცდება.