ლონდონის "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში ლისაბონის "სპორტინგი" სტუმრად გამართულ მატჩში გაანადგურა. "მეთოფეებმა" "ლომებს" 5 გოლი გაუტანეს, თავიანთ კარში კი მხოლოდ ერთი მიიღეს.
მასპინძლების რბევა მე-7 წუთზე გაბრიელ მარტინელიმ დაიწყო, 15 წუთში კი კაი ჰავერცმა შეაგდო. ტაიმის ბოლოს გაბრიელ მაგალაეშმა შეაგდო თავით და გოლი ისე აღნიშნა, როგორც ამას "სპორტინგის" შვედი ცენტრფორვარდი, ვიქტორ გიოკერეში აკეთებს ხოლმე. 47-ე წუთზე გონსალო ინასიოს გოლით პორტუგალიელებმა თამაშში დაბრუნება სცადეს, თუმცა მათ იმედები ჯერ ბუკაიო საკამ ჩაუკლა ზუსტად შესრულებული პენალტით, მერე კი ლეანდრო ტროსარმა გაიტანა.
მატჩის საუკეთესოდ საკა დასახელდა, რომელსაც გოლთან ერთად, აქტივში საგოლე გადაცემაც ჰქონდა. მოგებული შეხვედრის შესახებ ბუკაიომ მცირე კომენტარიც გააკეთა.
"ჩემი გატანილი პენალტი? ვფიქრობ, ამან მომენტუმი დაგვიბრუნა. ასეთ გუნდთან დაპირისპირებისას ყოველთვის არის პერიოდი, როცა წნეხში ექცევი ხოლმე. ერთი გოლი გავუშვით, მაგრამ დანარჩენს კარგად გავუმკლავდით.
საკუთარი თავი უმაღლეს დონეზე წარმოვაჩინეთ. ჩვენი გულშემატკივრები შეუდარებლები იყვნენ. მათი ხმა მთელი მატჩის განმავლობაში მესმოდა. ატმოსფერო ფანტასტიკური იყო. დღეს მშივრები ვიყავით. ვიცოდით, რაც გვინდოდა. ამ გამარჯვებით განცხადება უნდა გაგვეკეთებინა და ეს გამოგვივიდა," - თქვა საკამ.
სხვათა შორის, "არსენალს" ჩემპიონთა ლიგაზე საგარეო მატჩი ამხელა სხვაობით ბოლოს 2003 წელს ჰქონდა მოგებული. ლონდონელებმა მაშინაც 1:5 იმარჯვეს, მეტოქე კი მილანის "ინტერი" გახლდათ.
"მეთოფეებს" 5 ტურში 10 ქულა აქვთ აღებული და ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებენ. 10 ქულა აქვს "სპორტნგსაც" და მე-8 ადგილზეა. ინგლისური კლუბი ამ ტურნირზე მომდევნო შეხვედრას "მონაკოს" წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო ლისაბონელთა მეტოქე "ბრიუგე" იქნება.