• 27-07-2023
    დავიდ სილვამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
    დავიდ სილვამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

    "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება მორიგი მძიმე ტრავმის შემდეგ გადაწყვიტა. სილვას რეაბილიტაციას თვეები დასჭირდებოდა, რამაც მას კარიერის დასრულებისკენ უბიძგა.

    38 წლის ესპანელმა თავისი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი გვამცნო.

    "დღეს ჩემთვის სევდიანი დღეა. დღეს ვემშვიდობები იმას, რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი. ვემშვიდობები ჩემს კოლეგებს, რომლებიც ჩემთვის ოჯახივით არიან. ძალიან მომენატრებით.

    "ვალენსიას", "ეიბარს", "სელტას", "მანჩესტერ სიტისა" და "რეალ სოსიედადს" მადლობას ვუხდი, რადგან მათ თავი სახლში მაგრძნობინეს," - ამბობს სილვა ვიდეოში.

    დავიდმა საფეხბურთო სამყაროს თავი ყველაზე კარგად "სიტიში" დაამახსოვრა. "ეტიჰადზე" გატარებული 10 წლის განმავლობაში მან 4 პრემიერ ლიგა და 2 ასოციაციის თასი მოიგო. რაც შეეხება სილვას სანაკრებო მონაგარს, იგი იმ შემადგენლობის ნაწილი იყო, რომელმაც ზედიზედ 3 დიდი ტურნირი (ევრო 2008, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი და ევრო 2012) ტრიუმფით დაასრულა.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები