• 15-08-2023
    გვარდიოლა ადასტურებს - დე ბრუინი "სიტის" 3-4 თვით გამოაკლდა
    გვარდიოლა ადასტურებს - დე ბრუინი "სიტის" 3-4 თვით გამოაკლდა
    Author of the article
    Aa

    პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ კევინ დე ბრუინი გუნდს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება და "მანჩესტერ სიტიმ" ახლა ის უნდა გადაწყვიტოს, ჩაიტარებს თუ არა ოპერაციას ბელგიელი ნახევარმცველი.

    "ეს სერიოზული ტრავმაა. ოპერაციის საკითხი გადასაწყვეტია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის რამდენიმე თვით გამოგვაკლდება.

    გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. კევინმა შეიძლება 3-4 თვე ვერ ითამაშოს," - განაცხადა "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა უეფას სუპერთასის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

    ჰამსტრინგის კუნთის დაზიანება, რომელიც 32 წლის ნახევარმცველს ახლაც აწუხებს, მან 10 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო და "ინტერ მილანთან" შეხვედრას ნაადრევად გამოეთიშა.

    კევინმა "სიტის" პრესეზონის უმეტესი ნაწილი გამოტოვა, შემდეგ ქომუნითი შილდზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ხოლო "ბარნლის" წინააღმდეგ, პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა. სწორედ "ტარფ მურზე" მიიღო ბელგიელმა ტრავმის რეციდივი, რის გამოც მოედანი 23-ე წუთზე დატოვა.

    აქვე გეტყვით, რომ "სიტიზენები" უეფას სუპერთასისთვის ხვალ "სევილიას" შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები