• 22-08-2023
    ოდეგორი:  "საკას ვთხოვე, რომ პენალტი მე დამერტყა"
    ოდეგორი: "საკას ვთხოვე, რომ პენალტი მე დამერტყა"
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის მეორე ტური "სელსჰარტ პარკზე" დაიხურა, სადაც ლონდონის "არსენალმა" მასპინძელ "კრისტალ პალასს" მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 მოუგო.

    შეხვედრის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გავიდა. ედი ნკეტიას წაქცევის გამო დანიშნული პენალტი მარტინ ოდეგორმა ზუსტად შეასრულა. საზოგადოდ, თერთმეტმეტრიანებს "არსენალში" ბუკაიო საკა ურტყამს ხოლმე, თუმცა გუშინ განსხვავებული სურათი ვიხილეთ.

    67-ე წუთზე "მეთოფეთა" იაპონელი მცველი, ტაკეჰირო ტომიასუ მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევეს. ამის შემდეგ უპირატესობა "არწივების" მხარეს გადავიდა, მაგრამ მიკელ არტეტას გუნდმა თავის დაცვა კარგად მოახერხა და მეორე გამარჯვება მოიპოვა.

    მძიმე ბრძოლაში მოგებული მატჩის საკვანძო მომენტებზე მარტინ ოდეგორმა ისაუბრა.

    "პრესეზონზე ბევრ პენალტს ვურტყამდით. მე ყველა გავიტანე, ამიტომ ბუკაიოს ვთხოვე, რომ ამჯერად მე დამერტყა. მან ბურთი მე მომცა, რის გამოც მადლობას ვუხდი.

    ახალ წესებს უნდა შევეგუოთ. ტომიასუს პირველი გაფრთხილება მკაცრი გადაწყვეტილება იყო. არა მგონია, რომ ის დროის გაყვანას ცდილობდა. მან უბრალოდ თავისუფალი პარტნიორი ვერ ნახა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ განახლებულ წესებთან შეგუება მოგვიწევს. სხვას ვერაფერს ვიზამთ. 

    ყვითელი ბარათების მიღება ახლა გაცილებით მარტივია. სიფრთხილე გვმართებს და ეს მეც მეხება," - თქვა კაპიტანმა.

    შეგახსენებთ, რომ "არსენალს" 6 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის ცხრილს "მანჩესტერ სიტისა" და "ბრაიტონთან" ერთად ლიდერობს. მომდევნო მატჩი "მეთოფეებს" 26 აგვისტოს, "ფულემთან" ელოდებათ.

    Facebook კომენტარები