• 01-10-2023
    "ლივერპულს" ბოდიში მოუხადეს - კლუბს 25 ათასი ფუნტით დააჯარიმებენ
    "ლივერპულს" ბოდიში მოუხადეს - კლუბს 25 ათასი ფუნტით დააჯარიმებენ
    Author of the article
    Aa

    მერსესაიდულ "ლივერპულს" ლონდონის "ტოტენჰემთან" წაგებული მატჩის შემდეგ შეიძლება 25 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმა დააკისრონ.

    "წითლებმა" დედაქალაქში ჩატარებული მატჩი ცხრა კაცით დაამთავრეს, თუმცა 1 ქულა ხელიდან მაინც ბოლო წამს გაუშვეს, როცა ჟოელ მატიპმა პედრო პოროს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

    შეხვედრის ყველაზე სკანდალური ეპიზოდი იქამდე მოხდა. "ლივერპულის" კოლუმბიელი შემტევის, ლუიზ დიასის მიერ გატანილი გოლი ვიდეორეფერიმ არასწორად გააუქმა. სამსაჯო ორგანომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ დიასი თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და VAR-ი ეპიზოდში სწორად ვერ ჩაერთო. ცხადია, "ენფილდის" ბინადრებს ბოდიშიც მოუხადეს.

    რა გასაკვირია, რომ იურგენ კლოპმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არბიტრების გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა, თუმცა კლუბის დაჯარიმების მიზეზი სულ სხვაა.

    როგორც აღმოჩნდა, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია იმ გუნდებს აკისრებს ჯარიმას, რომლებიც კონკრეტულ მატჩში 6 ან მეტ ბარათს მიიღებენ. "ლივერპულის" ფეხბურთელებმა გუშინ ორი წითელი (კერტის ჯონსი, დიოგუ ჟოტა) და ოთხი ყვითელი ბარათი დაიმსახურეს. აღვნიშნოთ ისიც, რომ კლოპს პრეტენზიები ჯონსის გაძევებასთან დაკავშირებითაც ჰქონდა და არც ისე უსაფუძვლოდ.

    "ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხალხმა ისე არ იფიქროს, რომ ძალიან ბევრ წითელ ბარათს უხეში გუნდობის გამო ვიღებთ. ჩვენ მეტოქეს ფეხებში არ ვურტყამთ,' - თქვა კლოპმა.

    შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" გუშინ სეზონში პირველად წააგო და პრემიერ ლიგის ცხრილში მე-4 პოზიციამდე დაქვეითდა, გამარჯვებული "ტოტენჰემი" კი მე-2 ადგილს "არსენალთან" ინაწილებს.

    Facebook კომენტარები