• 05-11-2023
    "მრცხვენია, რომ ამის ნაწილი ვარ" - არტეტა "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ
    "მრცხვენია, რომ ამის ნაწილი ვარ" - არტეტა "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. "მეთოფეები" "ნიუკასლს" ესტუმრნენ და მინიმალური სხვაობით, 1:0 წააგეს.

    მატჩის ერთადერთი გოლი "ჯორდების" ინგლისელმა გარემარბმა, ენტონი გორდონმა გაიტანა. 64-ე წუთზე გასულ გოლს ვიდეორეფერი დიდი ხნის განმავლობაში ამოწმებდა, რადგან კითხვები არსებობდა ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა შესაძლო გასვლის, შესაძლო თამაშგარისა და გაბრიელ მაგალაეშზე შესაძლო ჯარიმის თაობაზე.

    VAR-ის გადაწყვეტილებაზე "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    "ეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. საბოლოო შედეგი უსამართლოა. ეს სამარცხვინოა. თუ დღეს რომელიმე გუნდი მოსაგებად თამაშობდა, ეს "არსენალი" გახლდათ. ამაზე მეტს აღარაფერს ვიტყვი.

    გოლის ჩათვლა ერთზე მეტი მიზეზის გამო არ შეიძლებოდა. სასწორზე კი ძალიან ბევრი რამ დევს. მატჩისთვის საათობით ვემზადებით, ასეთ დონეზე კონკურენციის გაწევა ურთულესია.

    თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. 20 წელზე მეტია ამ ქვეყანაში ვარ და დღევანდელი შემთხვევა ახლოსაც არ არის იმასთან, რითაც საუკეთესო ჩემპიონატი უნდა აღიწერებოდეს. ძალიან ვწუხვარ.

    მრცხვენია, რომ ამის ნაწილი ვარ. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს," - თქვა მიკელმა.

    "არსენალი" სატურნირო ცხრილში მე-3-ა და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა სათამაშო აქვს "ტოტენჰემსაც", რომელსაც ლონდონელებთან სხვაობის გაზრდა 5 ქულამდე შეუძლია. მომდევნო მატჩი "მეთოფეებს" 8 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის ეგიდით, "სევილიას" წინააღმდეგ ელოდებათ.

    Facebook კომენტარები