• 04-09-2022
    გვარდიოლა: "გოლის გატანის ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ"
    [/xfgiven_playerads]
    გვარდიოლა: "გოლის გატანის ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ"
    Aa

    "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ქულები მეორედ დაკარგა. "სიტიზენები" გუშინ "ასტონ ვილას" ესტუმრნენ და მიუხედავად იმისა, რომ ერლინგ ჰოლანდის გოლით იგებდნენ, შინ მაინც ერთი ქულით დაბრუნდნენ.


    "ვილანებს" ქულა ლეონ ბაილიმ გადაურჩინა, რომელმაც თავი 74-ე წუთზე გამოიჩინა. ბირმინგემელები საერთოდ გამარჯვებასთანაც იყვნენ ახლოს, თუმცა ფილიპე კოუტინიოს გოლი არ ჩაითვალა.


    "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის თამაში მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.


    "დაცვის მხრივ ყველაფერი მომეწონა. შეტევაში, მოედნის ფინალურ მესამედში, ფეხბურთელებმა, რომლებიც ცივსისხლიანობით გამოირჩევიან, ბევრი მომენტი გააფუჭეს.


    უოკერის ტრავმა? მას დისკომფორტი პირველ ტაიმშიც ჰქონდა. თამაში გააგრძელა, ოღონდ მისი ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო. ვნახოთ. ექიმებთან ჯერ არ მისაუბრია.


    კარგი მატჩი იყო. გოლი გავუშვით დარტყმით, რომელიც მეტოქისთვის ერთადერთი ზუსტი დარტყმა იყო 90 წუთში. გვქონდა მეორე გოლის გატანის შანსები, როცა ვიგებდით, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ.


    წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა. კარგად გვესმის, რომ ყველა - საშინაოც და საგარეო მატჩიც ერთმანეთზე რთულია", - განაცხადა პეპმა.


    "სიტის" პრემიერ ლიგის 6 ტურში 14 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება. ლიდერ "არსენალს" პეპის კოლექტივი 4 ქულიტ ჩამორჩება.

    Facebook კომენტარები