• 10-11-2023
    მოურინიო: "სლავიას" ბიჭებმა გამარჯვება 100%-ით დაიმსახურეს"
    მოურინიო: "სლავიას" ბიჭებმა გამარჯვება 100%-ით დაიმსახურეს"
    Author of the article
    Aa

    ჟოზე მოურინიოს "რომამ" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში მტკივნეული მარცხი განიცადა. "ჯალაროსიმ" პრაღის "სლავიასთან" გასვლაზე წააგო, ანგარიშით 0:2.

    ჩეხებმა პირველი გოლი 50-ე წუთზე გაიტანეს - თავი ვაცლავ იურეჩკამ გამოიჩინა. აქედან 25 წუთში ლუკას მასოპუსტმა შეაგდო, "მგლებმა" კი მეტოქეს ვერაფრით უპასუხეს.

    პრაღაში წაგებამ ძალიან გააბრაზა "ჯალაროსის" მთავარი მწვრთნელი, რომელმაც თავის ფეხბურთელებს პრესასთან კომენტარის გაკეთების საშუალებაც არ მისცა. თავის გადაწყვეტილებაზე მოუმ მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ისაუბრა.

    "ბევრი ლაპარაკი არ მინდა. გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელებს პრესასთან არ ესაუბრათ, მე მივიღე. არავინ უნდა ილაპარაკოს, რადგან იმაზე მეტი არ იქნება სათქმელი, რასაც მე ვიტყვი. შედეგი სამართლიანია. მათ ეს დადებითი კუთხით დაიმსახურეს, ჩვენ კი - უარყოფითით. არაფერი მომეწონა. 

    ფეხბურთელებს გასახდელში უკვე გავესაუბრე. ამას ხშირად არ ვაკეთებ, რადგან ადრენალინი მომეტებულად მაქვს. თამაშის ტრიბუნიდან ნახვამ გასახდელში შედარებით ცივ გონებაზე ჩასვლის საშუალება მომცა. რაც იქ ვთქვი, ჩვენს შორის დარჩება. უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ "სლავიას" ბიჭებმა გამარჯვება 100%-ით დაიმსახურეს.

    კვირას დერბი რომც მოვიგოთ, ამ მარცხს არ დავივიწყებ. საშინლად წავაგეთ. ეს ჩემი ბრალია," - თქვა პორტუგალიელმა.

    "სლავიასა" და "რომას" ევროპა ლიგის 9-9 ქულა აქვთ. გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, პირველ ადგილზე ჩეხური გუნდია. აქვე გეტყვით, რომ "ჯალაროსისთვის" მომდევნო მატჩი "დერბი დელა კაპიტალე" იქნება. "ლაციო" და "რომა" ერთმანეთს 12 ნოემბერს, თბილისის დროით 21 საათიდან შეერკინებიან.

    Facebook კომენტარები