• 10-12-2023
    "ყველაფერი აშკარა და ნათელია" - არტეტა ისევ მსაჯებზე ბრაზობს
    "ყველაფერი აშკარა და ნათელია" - არტეტა ისევ მსაჯებზე ბრაზობს
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო. "მეთოფეები" გუშინ "ასტონ ვილას" ესტუმრნენ და ჯონ მაკგინის მიერ მე-7 წუთზე გატანილი გოლის წყალობით დამარცხდნენ. 

    მიკელ არტეტას გუნდმა "ვილა პარკი" უგოლოდ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მომენტები საკმარისზე მეტი შექმნა. იყო საკამათო გადაწყვეტილებები მსაჯისგანაც - მეორე ტაიმში ჯერ გაბრიელ ჟესუსის წაქცევის გამო შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა ემილიანო მარტინესის კარში, შემდეგ კი კაი ჰავერცის გოლი გაუქმდა გერმანელისგან ხელით თამაშის გამო.

    არბიტრის ქმედებებისა და შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ არტეტამ მატჩის შემდეგ ისაუბრა.

    "მსაჯის გადაწყვეტილებები? ყველაფერი აშკარა და ნათელია. აშკარა და ნათელი. მირჩევნია, რომ ამაზე კომენტარი არ გავაკეთო. დიახ, ჩემი აზრი გამაჩნია.

    შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითამაშეთ. 

    ვფიქრობ, იმაზე მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ. გაცილებით უკეთესი გუნდი ვიყავით. არ მინახავს გუნდი, რომელმაც "ვილას" მსგავსი რამ გაუკეთა თებერვლის შემდეგ, როცა ჩვენ აქ მოვიგეთ.

    ბურთი მეტოქის კარში უნდა შეაგდო. დღეს ეს ერთადერთი რამ იყო, რაც ვერ გავაკეთეთ. საკმაოდ რეალური მომენტები შევქმენით, ბურთი ხშირად გვქონდა მეტოქის კართან, მაგრამ მაინც წავაგეთ," - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა, რომელმაც შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნა თვალყური, დისკვალიფიკაციის გამო.

    "არსენალი" ამ მარცხმა სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციამდე დააქვეითა. "მეთოფეები" ლიდერ "ლივერპულს" 1 ქულით ჩამორჩებიან.

    Facebook კომენტარები