• 25-02-2024
    სტოუნსი: "ტრიპლეტის განმეორება შეგვიძლია"
    სტოუნსი: "ტრიპლეტის განმეორება შეგვიძლია"
    Author of the article
    Aa

    ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" გასვლაზე "ბორნმუთს" მძიმე ბრძოლაში სძლია. შეხვედრის ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე, ფილ ფოდენმა გაიტანა.

    დაძაბული მატჩის შემდეგ მედიას "სიტიზენთა" ინგლისელი უნივერსალი, ჯონ სტოუნსი გაესაუბრა. როგორც 29 წლის ფეხბურთელის ნათქვამიდან ვიგებთ, "ქალაქელები" წელსაც იმის გაკეთებას ეცდებიან, რაც გასულ სეზონში გააკეთეს.

    "ჩვენ გვინდა, რომ წინა სეზონის შედეგი გავიმეოროთ და ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩვენგან ყველა ამას ელოდება.

    დღევანდელის მსგავსი მატჩებია ერთ-ერთი მიზეზი, რამაც შარშანდელი წარმატება განაპირობა. მომდევნო შეხვედრაშიც იმავე მიზნით ვითამაშებთ, ისევ მოგებას ვეცდებით და უკვე შემდეგ გვერდზე გადავალთ. იმ შემადგენლობის გათვალისწინებით, რაც გვყავს, მჯერა, რომ ტრიპლეტის განმეორება შეგვიძლია.

    ვფიქრობ, ფილი დღეს შესანიშნავი იყო. 

    მეტოქემ საქმე ძალიან გაგვირთულა, მაგრამ ამაყები ვართ, რადგან კარი მშრალად შევინახეთ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ასე არ მომხდარიყო," - თქვა სტოუნსმა.

    შეგახსენებთ, რომ "სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 2 ქულით ჩამორჩება; ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პეპ გვარდიოლას შეგირდებმა დანიურ "კოპენჰაგენს" სტუმრად ორბურთიანი სხვაობით (1:3) მოუგეს, ასოციაციის თასზე კი 27 თებერვალს "ლუთონ თაუნს" შეხვდებიან.

    "ლუთონისა" და "სიტის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები