• 26-02-2024
    "მთავარია, რომ გვჯეროდეს" - პოჩეტინოს "ლივერპულის" მაგალითი მოჰყავს
    "მთავარია, რომ გვჯეროდეს" - პოჩეტინოს "ლივერპულის" მაგალითი მოჰყავს
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ კარაბაოს თასის ფინალის წაგების შემდეგ, კლუბის ოფიციალურ ვებსაიტს მისცა ინტერვიუ, სადაც გულშემატკივრებს "ლივერპულის" მაგალითი მოიყვანა და გუნდის პროექტში დაჯერებისკენ მოუწოდა.

    "ისინი პროფესიონალები არიან. წინ უნდა წავიდეთ, მაგრამ ფეხბურთელებმა ტკივილიც უნდა იგრძნონ. როცა ტიტულისთვის ბრძოლას აგებ, არაფერია ისეთი, რისი მოსმენაც თავს უკეთესად გაგრძნობინებს. 

    მოთამაშეები უნდა მიხვდნენ, რომ მუშაობა და რაღაცების უკეთ გაკეთება გვჭირდება. ასეთ დონეზე საბრძოლველად საჭიროა, რომ იგრძნო, რას ნიშნავს მნიშვნელოვანი ტიტულისთვის თამაში.

    მახსოვს, რომ 3-4 წლის შემდეგ (იურგენ კლოპის ხელში) "ლივერპულს" ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები ჰქონდა წაგებული, თუმცა მათ პროექტში რწმენა შეინარჩუნეს, ყოველ სეზონში უკეთესები ხდებოდნენ და ბოლოს მიიღეს ის, რაც უნდოდათ. ეს კარგი მაგალითია და თუ "ლივერპულის" მსგავსი გუნდისთვის გვინდა კონკურენციის გაწევა, უნდა გვჯეროდეს. მთავარი ესაა," - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

    შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა" გუშინ მატჩის 118-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგეს. ეს გოლი "წითლების" ნიდერლანდელი კაპიტნის, ვირჯილ ვან დაიკის ანგარიშზე გახლდათ.

    "ჩელსიმ" ზედიზედ მე-6 საშინაო ფინალი (ასოციაციის თასი / კარაბაოს თასი) წააგო. გუნდი დამაჯერებლად ვერც პრემიერ ლიგაში გამოიყურება, სადაც სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იიკავებს.

    Facebook კომენტარები