• 28-02-2024
    გვარდიოლა: "ჰოლანდი და დე ბრუინი ნელ-ნელა ბრუნდებიან"
    გვარდიოლა: "ჰოლანდი და დე ბრუინი ნელ-ნელა ბრუნდებიან"
    Author of the article
    Aa

    ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტი" "ლუთონ თაუნს" ესტუმრა და პრემიერლიგელი მეტოქისგან ქვა ქვაზე აღარ დატოვა - 2:6.

    მატჩის მთავარი ამბავი ერლინგ ჰოლანდისა და კევინ დე ბრუინის საოცარი პერფომანსი გახლდათ. ბელგიელმა ნახევარმცველმა ნორვეგიელ ცენტრფორვარდს 4 ასისტი გაუკეთა, ერთ გოლზე კი ერლინგს ბერნარდუ სილვა დაეხმარა. საბოლოო ჯამში, ჰოლანდმა შეხვედრა 5 გოლით დაასრულა, დე ბრუინმა კი - 4 საგოლე გადაცემით.

    "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მატჩისშემდგომ კომენტარში სწორედ ამ აღმაფრთოვანებელი დუეტის შესახებ ისაუბრა.

    "ფეხბურთელები თამაშს იდეალურად კითხულობენ. კევინისა და ერლინგის კავშირი დიდებული იყო, მაგრამ თავიანთი წვლილი სხვა მოთამაშეებმაც შეიტანეს. ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედით. "უემბლიმდე" ერთი მატჩი გვაშორებს.

    ერლინგს სჭირდება პარტნიორი მოედნის ხედვით, ხარისხითა და სულგრძელობით. კევინი ნაკლებად ეგოისტი ფეხბურთელია. მას ერლინგისგან მოძრაობა სჭირდება. ვიცით, თუ რა აგრესიულები არიან ისინი.

    ყველა პასი კარგი იყო. კარგი იყო ერლინგის მოქმედებაც დამაგვირგვინებელ ფაზაში. კიდევ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. კრულთან ერთი-ერთზე კიდევ 2-3-ჯერ დავრჩით. ფეხბურთელებმა ყველაფერი სრულყოფილად გააკეთეს.

    ერთადერთი ის მადარდებდა, რომ ერლინგი 2 თვით გაჩერებული იყო. სიარულიც კი არ შეეძლო. ასეთ დროს რითმიდან ვარდები. მიუხედავად ამისა, ის ყველა მატჩთან ერთად უფრო უკეთესი ხდება. იმავეს ვიტყოდი კევინზეც. ნელ-ნელა ისინი ბრუნდებიან," - თქვა პეპმა.

    შეგახსენებთ, რომ ჰოლანდი "სიტის" იანვარში, ლამის 2-თვიანი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. რამდენიმე კვირის დაბრუნებულია დე ბრუინიც, რომელიც ფეხბურთს თვით იყო ჩამოშორებული, თუმცაღა ამას ბელგიელისთვის ხელი არ შეუშლია, რომ დაბრუნების შემდეგ ჩატარებულ 11 მატჩში 11 საგოლე პასი მიეთვალა და გუნდის საუკეთესო ასისტენტი გამხდარიყო.


    Facebook კომენტარები