• 29-02-2024
    პოჩეტინო: "მუდრიკს უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია"
    პოჩეტინო: "მუდრიკს უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია"

    ლონდონის "ჩელსიმ" კარაბაოს თასის ფინალის წაგებით გაფუჭებული ხასიათი ასოციაციის თასის მერვედფინალში "ლიდსის" დამარცხებით გამოისწორა.

    არადა, "არისტოკრატებისთვის" მატჩი ცუდად იწყებოდა, რადგან მე-8 წუთზე მატეო ჯოფეზმა იორკშირელები დააწინაურა. პირველ ტაიმში ლონდონელებმა ამას ნიკო ჯექსონისა (15') და მიხაილო მუდრიკის (37') გოლებით უპასუხეს. 59-ე წუთზე ჯოზეფმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ძირითადი დროის უკანასკნელ წამებზე გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ - თავი კონორ გალაჰერმა გამოიჩინა.

    გუშინდელი მატჩის მერე განსაკუთრებული ქება მუდრიკს ხვდა წილად. უკრაინელი შემტევი ათიანის როლში მოგვევლინა, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და გოლიც გაიტანა, რაც მას ხშირად ნამდვილად არ გამოსდის ხოლმე. 23 წლის ფეხბურთელზე "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომაც თქვა ორიოდ სიტყვა.

    "მუდრიკი გასაოცარი ტალანტის პატრონია, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია. შენი ნიჭი გუნდის სამსახურში უნდა ჩააყენო. ამისთვის დრო გჭირდება და ეს მხოლოდ მუდრიკს არ ეხება.

    ამას სხვა მოთამაშეებზეც ვიტყოდი, რადგან ისინი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან. ხანდახან მათ ავიწყდებათ, რომ პოზიცია უნდა დაიბრუნონ, მეტოქე უნდა აპრესინგონ და ბევრი იმუშაონ. რა თქმა უნდა, მიხაილოს გოლი მისი თავდაჯერებულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია," - თქვა პოჩეტინომ.

    აქვე გეტყვით, რომ ასოციაციის თასის მეოთხედფინალში "ლურჯების" მეტოქე "ლესტერი" იქნება. შეხვედრა 16 მარტს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები