• 04-03-2024
    გვარდიოლა: "ფოდენი ახლა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია"
    გვარდიოლა: "ფოდენი ახლა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია"
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის 27-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება "ეტიჰად სთედიუმზე" შედგა, სადაც "მანჩესტერ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობა, ანგარიშით 3:1.

    "ქალაქელები" მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველი ტაიმი მაინც წააგეს - ამის მიზეზი მარკუს რაშფორდის მიერ მე-8 წუთზე გატანილი სუპერგოლი გახლდათ.

    თუ პირველ ნახევარში რაშფორდმა შექმნა შედევრი, მეორე ტაიმში უკვე ფილ ფოდენის ჯერი დადგა. 23 წლის ინგლისელმა 56-ე წუთზე საჯარიმოს გარედან განხორციელებული დარტყმით გახვრიტა ანდრე ონანას კარი, მე-80 წუთზე კი "სიტი" წინ გაიყვანა. მატჩის მიწურულს თავისი გოლი შეაგდო ერლინგ ჰოლანდმაც.

    ცხადია, პრესის მთავარი განსახილველი თემა ფოდენის ბენეფისი გახლდათ. ამაზე "სიტიზენთა" მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლასაც ჰკითხეს.

    "საქმე იმ მატჩების რაოდენობაშია, რომელშიც იგი მონაწილეობას იღებს. ფილი ყოველთვის ნიჭიერი იყო, მაგრამ ახლა უფრო გამოცდილია და თამაშიც უკეთ ესმის, განსაკუთრებით დაცვით ასპექტში.

    მას შეუძლია ითამაშოს ცენტრში, ითამაშოს მარჯვნივ, შექმნას მომენტები და შეიწიოს ცენტრისკენ, გაიტანოს მარცხენა ფლანგიდან. რაღაა სათქმელი?

    ის ახლა პრემიერ ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელია. ეს დაუჯერებელია," - თქვა პეპმა.

    შეგახსენებთ, რომ ფოდენს მიმდინარე სეზონში "სიტის" ყველა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 18 გოლი და 10 ასისტია. "ქალაქელები" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ და ლიდერ "ლივერპულს" 1 ქულით ჩამორჩებიან.

    Facebook კომენტარები