• 07-03-2024
    გვარდიოლა: "სიტი" აქ იმიტომაა, რომ გვაცადეს"
    გვარდიოლა: "სიტი" აქ იმიტომაა, რომ გვაცადეს"
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტიმ" დანიურ "კოპენჰაგენს" სახლშიც იმავე ანგარიშით მოუგო, რითაც გასვლაზე (3:1) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.

    მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგებას ეცდება.

    "ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ ამის გაკეთება შეუძლია. მისმინეთ, ჩვენ "რეალსა" და "ბაიერნს" ვუწევთ კონკურენციას, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ 7 წელია აქ ვართ. ეს სტაბილურობაზე მეტყველებს.

    აქ იმიტომ ვართ, რომ დრო გვჭირდებოდა. მწვრთნელებს დრო არ ეძლევათ, მაგრამ მათ ჩვენ მას მერეც გვაცადეს, რაც "მონაკოსთან", "ლივერპულთან" და "ტოტენჰემთან" წავაგეთ. მთელ ამ პროცესს დრო არ სჭირდება, რადგან როდესაც გუნდი ამ პოზიციაზე იქამდე არასდროს ყოფილა, ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება.

    დიდი ისტორიის კლუბებისთვის ეს ადვილია. "რეალი", "ბარსელონა", "ლივერპული", "ბაიერნი" თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამას მიჩვეულნი არიან.

    დრო მჭირდებოდა და დრო მივიღე. რა თქმა უნდა, ახლაც შეიძლება დავმარცხდეთ, მაგრამ ყველგან ვიბრძოლებთ, რადგან ბოლო წლებში ფინალში ორჯერ ვიყავით, ერთხელ ნახევარფინალში გავედით, ახლა კი მეოთხედფინალში ვართ. ეს ევროპაში ჩვენს სტაბილურობაზე მიუთითებს.

    ტიტულის მოსაგებად ყველა გვჭირდება და ჩვენ ყველა გამოვიყენეთ. დღევანდელი პერფომანსით ძალიან კმაყოფილი ვარ. ხალხი შეიძლება ბევრ რამეს ელოდებოდეს, მაგრამ მე ვიცი, ეს ყოველივე რა სირთულებთანაა დაკავშირებული," - თქვა პეპმა.

    "სიტიზენთა" მხრიდან გუშინ გოლები მანუელ აკანჯიმ, ხულიან ალვარესმა და ერლინგ ჰოლანდმა გაიტანეს. ერთადერთი, რითაც "კოპენჰაგენი" გამოირჩა, მუჰამედ ელინოუსის შედეგიანი დარტყმა გახლდათ.

    მეოთხედფინალში საკუთარ მეტოქეს "ქალაქელები" 15 მარტს შეიტყობენ.

    Facebook კომენტარები