• 10-03-2024
    კლოპი: "სიტის" კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო"
    კლოპი: "სიტის" კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო"
    Author of the article
    Aa

    "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის ფრედ დასრულებული მატჩის ყველაზე საკამათო მომენტი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაფიქსირდა, როდესაც ჯერემი დოკუ ბურთის მოგერიების მცდელობისას ალექსის მაკ ალისტერთან ორთაბრძოლაში შევიდა და ფეხი ტორსზეც მოარტყა, თუმცა კონტაქტი პენალტის დანიშვნისთვის საკმარისად არ ჩაითვალა.

    აღნიშნული ეპიზოდის შესახებ "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მატჩის შემდეგ ისაუბრა. ცხადია, გერმანელმა აღნიშნა, რომ "სიტიზენთა" კარში თერთმეტმეტრიანი აუცილებლად უნდა დაედოთ.

    "ეს 100%-იანი პენალტი იყო. მსაჯები ახსნას მოძებნიან. ეს მოედნის ყველა წერტილში ჯარიმა და ალბათ, ყვითელი ბარათიცაა.

    ჩემს გვერდით მდგომმა ყველა ადამიანმა, რომელსაც აიპადი ეჭირა, მითხრა, რომ წესების დარღვევა აშკარა იყო. შესაძლოა, ისინი იმ ფრაზის უკან დაიმალონ, რომ ჯარიმა ცალსახა არ გახლდათ.

    რა თქმა უნდა, პენალტი უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არა უშავს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. დღეს ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა განსაკუთრებულად," - განაცხადა კლოპომ.

    "ლივერპულს" ახლა 64 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის ლიდერ "არსენალს" მხოლოდ გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება, "მანჩესტერ სიტის" კი 1 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას "სქაუზერები" 14 მარტს, ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ეგიდით გამართავენ და შინ პრაღის "სპარტას" მიიღებენ.

    Facebook კომენტარები