• 16-01-2023
    ზაფხულში "არსენალის" მთავარი სამიზნე რაისი იქნება
    ზაფხულში "არსენალის" მთავარი სამიზნე რაისი იქნება
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" თანაქალაქელი "ვესტ ჰემის" ცენტრალური ნახევარმცველი დეკლან რაისი მთავარ საზაფხულო სამიზნედ აქცია. "მეთოფეებს" სჯერათ, რომ 23 წლის შუახაზელისთვის ბრძოლაში "ჩელსის" დაამარცხებენ.


    ინგლისელს "ჩაქუჩებთან" ახალი კონტრატქის გაფორმება არ სურს, ამიტომ დიდია იმის შანსი, კლუბმა იგი მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდოს. 


    გასულ ზაფხულს დეკლანით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებოდა, თუმცა "ვესტ ჰემმა" ფეხბურთელი 150 მილიონ ფუნტად შეაფასა, "წითელი ეშმაკები" კი ამან დააფრთხო. რაც შეეხება "ჩელსის", "არისტოკრატები" რაისს დიდი ხანია უტრიალებენ. ფეხბურთელი 14 წლამდე "ჩელსის" აკადემიაში თამაშობდა, ბავშვობიდან ამ გუნდს ქომაგობდა და მეისონ მაუნტის დიდი მეგობარიცაა, თუმცა "არსენალში" სჯერათ, რომ ამ ფაქტორებს გადაწონიან.


    The Times-ის ინფორმაციით, "მეთოფეები" ფიქრობენ, რომ პრემიერ ლიგის ლიდერის სტატუსი რაისისთვის ძალიან მომხიბლავი იქნება. თვალშისაცემია ის განსხვავებაც, რაც ახლა თანაქალაქელ გუნდებს შორისაა - "არსენალს" სატურნირო ცხრილში 47 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, 28-ქულიანი "ჩელსი" კი მე-10 პოზიციას იკავებს.


    ბუნებრივია, დეკლანს ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა თამაში. ევროპის მთავარი ტურნირის საგზური "არსენალს" თითქმის განაღდებული აქვს (თუ რაიმე საოცრება არ მოხდა), ხოლო "ლურჯებს" ოთხეულთან დიდი სხვაობა აშორებთ.


    ასე რომ, არაა გამორიცხული, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა რაისს გული სწორედ "ემირეიტსისკენ" გაუწიოს. "არსენალისთვის" ამ სატრანსფერო ბრძოლის მოგებას ლამის პრინციპული მნიშვნელობაც კი ექნება, რადგან, როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ "ჩელსიმ" მათ მიხაილო მუდრიკის გადაბირების შანსი წაართვა.


    The Times-ის შეფასებით, ზაფხულში "ვესტ ჰემის" ნახევარმცველის შეძენა 80 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

    Facebook კომენტარები