• 11-03-2024
    ედერსონი 3-4 კვირით იუქმებს
    ედერსონი 3-4 კვირით იუქმებს
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი გოლკიპერი, ედერსონ მორაეში 3-4 კვირით იუქმებს. 

    30 წლის მეკარემ ტრავმა გუშინ, "ლივერპულთან" მატჩში მიიღო. ედერსონმა ფეხი იმ მომენტში დაიზიანა, როცა დარვინ ნუნიესმა ბურთზე თამაში დაასწრო და მთავარ არბიტრს "ქალაქელთა" კარში პენალტის დანიშვნის მიზეზი მისცა.

    ასე და ამგვარად, ედერსონი აუცილებლად გამოტოვებს ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ მატჩს, რომელშიც "სიტი" 16 მარტს "ნიუკასლს" უნდა დაუპირისპირდეს. იგი ვერ შეუერთდება ბრაზილიის ეროვნული გუნდის შეკრებასაც.

    "ქალაქელთათვის" ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ედერსონის მონაწილეობა ლონდონის "არსენალთან" ჩასატარებელ შეხვედრაშიც. 31 მარტს პეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის ამჟამინდელ ლიდერს უნდა დაუპირისპირდეს, ძირითადი კიპერის არყოფნა კი მათ საქმეს შესამჩნევად გაურთულებს.

    "მეთოფეებთან" ჯახიდან 3 დღეში "სიტი" შინ "ასტონ ვილას" დაუხვდება. შეიძლება ბრაზილიელმაც ვერც იქ ითამაშოს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას 31 წლის გერმანელი კიპერი, შტეფან ორტეგა ჩაანაცვლებს.

    აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ედერსონმა მანჩესტერელთა კარი 36 მატჩში დაიცვა, გაუშვა 31 გოლი და კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.

    Facebook კომენტარები