• 14-03-2024
    სიმეონე: "პენალტების სერიისთვის არ მიყურებია"
    სიმეონე: "პენალტების სერიისთვის არ მიყურებია"

    ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ყველაზე დასამახსოვრებელი დუელი მადრიდის "ატლეტიკოსა" და მილანის "ინტერის" ორმატჩიანი დაპირისპირება აღმოჩნდა, რომელიც "ვანდა მეტროპოლიტანოზე" პენალტების სერიით დაგვირგვინდა.

    33-ე წუთისთვის "ნერაძური" ორი მატჩის ჯამში 2:0-ს იგებდა, რადგან ფედერიკო დი მარკომ მილანელები წუხანდელ შეხვედრაშიც დააწინაურა. დი მარკოს გოლს ანტუან გრიზმანმა უმალვე უპასუხა, 87-ე წუთზე კი მემფის დეპაიმ "როხიბლანკო" წინ გაიყვანა. საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე "ინდიელებს" ყველაფრის იქვე დასრულების შანსი ჰქონდათ, მაგრამ როდრიგო რიკელმემ ოქროს შანსი ქარს გაატანა.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეოთხედფინალისტი თერთმეტმეტრიანების სერიამ გაარკვია. მისი გმირი "ატლეტიკოს" სლოვენიელი კიპერი, იან ობლაკი გახდა, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია, უკანასკნელი დარტყმა კი ლაუტარო მარტინესმა კარს დიდი მანძილით ააცილა.

    დედაქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მატჩის მერე აღიარა, რომ პენალტების სერიას ვერ უყურა.

    "პენალტების სერიისთვის არ მიყურებია. გადავწყვიტე, რო ამის ნახვა ჩემთვის კარგი არ იქნებოდა. იანი ამ გამარჯვებას იმსახურებდა. თერთმეტმეტრიანები ყოველთვის გვირთულებდნენ საქმეს.

    ტელევიზორში გულშემატკივრების რეაქციებს ვუყურებდი. ეს ძალიან ემოციურია. როცა გუნდი ისე გამოიყურება, როგორც ეს მოხდა, განწყობა გაცილებით იმედიანი ხდება. ეს მღელვარება ჩვენ შევქმენით. ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის კიდევ ერთხელ მოვხვდით. ეს კლუბზე ბევრს ამბობს.

    "ინტერი" გასაოცარი კოლექტივია. ისინი თამაშობენ კარგად, არიან სწრაფები, გადაწყვეტილებებს მომენტალურად იღებენ, თავდამსხმელები ბევრს მუშაობენ. სავიჩს, ერმოსოსა და ვიტსელს დიდებული მატჩი ჰქონდათ. სხვანაირად არც შეიძლებოდა," - თქვა ჩოლომ.

    შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში საკუთარ მეტოქეს მადრიდელები ხვალ შეიტყობენ. წილისყრა თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები