

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელი დღეები "არსენალისთვის" ძალიან ცხელი გამოდის. "მეთოფეებმა" უკვე დაიმატეს ლეანდრო ტროსარი "ბრაიტონიდან" და იაკუბ კივორი "სპეციადან", თუმცა კლუბი კიდევ ერთ ფეხბურთელს უმიზნებს.
საუბარია "ბრაიტონის" ახალგაზრდა ნახევარმცველ მოზეს კაისედოზე, რომლითაც ლონდონის "ჩელსიცაა" დაინტერესებული.
21 წლის შუახაზელის სანაცვლოდ "არსენალმა" "თოლიებს" უკვე შესთავაზა 60 მილიონი ფუნტი. football.London-ის ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება უარით იქნა გასტუმრებული, რადგან "ბრაიტონი" კაისედოში 75 მილიონ ფუნტს ითხოვს.
მიკელ არტეტას გუნდიდან "ალბიონელებს" კიდევ დაუკავშირდებიან, რადგან მათ ცენტრში დამატებითი კადრი ძალიან სჭირდებათ. მუჰამედ ელ-ნენის ტრავმიანობა და სამბი ლოკონგას გამოუცდელობა ტომას პარტეის შემცვლელის გარეშე ტოვებს, რაც ჩემპიონობის გზაზე დამდგარი მეთოფეებისთვის დიდი პრობლემების შემქმნელი შეიძლება იყოს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კაისედოს დამატება გავლენას არ იქონიებს "არსენალის" ინტერესზე "ვესტ ჰემის" ვარსკვლავ დეკლან რაისისადმი. "ჩაქუჩების" ინგლისელი ფეხბურთელი ზაფხულში კლუბის პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
მიმდინარე სეზონში მოზესმა "ბრაიტონის" მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე გადაცემა.