

მიუნხენის "ბაიერნმა" დღეს გუნდის პორტუგალიელი ახალწვეული ჟოაუ კანსელუ ოფიციალურად წარადგინა.
29 წლის ფლანგელი "რეკორდმაისტერმა" "მანჩესტერ სიტიდან" 6-თვიანი იჯარით ინათხოვრა. ბავარიულ გრანდს სეზონის ბოლოს კანსელუს 70 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
"ბაიერნის" ფეხბურთელის რანგში ჩატარებულ პირველ პრესკონფერენციაზე ჟოაუმ მეტად საინტერესო განცხადებები გააკეთა.
"თავს კარგად ვგრძნობ. შანსი ხელიდან არ გავუშვი. ვიცნობ ამ დიდ კლუბს და შესაძლებლობის განიავება არ მინდოდა. მინდა ახალ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში რაც შეიძლება მალე დავიწყო. ამ ყველაფერს მოუთმენლად ველი.
უკანასკნელ კვირებში ბევრი სათამაშო დრო არ მქონია და ამან ჩემს გადაწყვეტილებაზე იმოქმედა. "სიტის" დატოვებას პეპთან ჩემს ურთიერთობასთან არანაირი საერთო აქვს. მინდოდა, რომ ასეი დიდი ისტორიის მქონე კლუბში ახალი თავგადასავალი დამეწყო. ეს ჩემთვის ახდენილი ოცნებაა.
"სიტისთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ მაკავშირებს. არ ვფიქრობ, რომ ეს კლუბიდან ჩემი საბოლოო წასვლაა.
პეპთან "ბაიერნის" შესახებ არ მისაუბრია, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მინდოდა, რომ ჩემი კარიერისთვის სწორი გადაწყვეტილება მიმეღო.
ხვალინდელ მატჩში მონაწილეობა? მზად ვარ. ძალიან მინდა მოედანზე ფეხი "ბაიერნის" მაისურში დავდგა. ხვალ გამარჯვება და თასის შემდეგ ეტაპზე გასვლა მნიშვნელოვანი იქნება," - თქვა კანსელუმ.
შეგახსენებთ, რომ იულიან ნაგელსმანის შეგირდები ხვალ "მაინცს" დაუპირისპირდებიან. კანსელუმ უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში "ბაიერნში", ამიტომ არაა გამორიცხული, ხვალ მისი დებიუტიც შედგეს მიუნხენელთა რიგებში.