• 31-03-2024
    "კმაყოფილები ვერ ვიქნებით" - სალიბა "სიტისთან" ფრეზე
    "კმაყოფილები ვერ ვიქნებით" - სალიბა "სიტისთან" ფრეზე

    პრემიერ ლიგის გაჩაღებული საჩემპიონო რბოლის ერთ-ერთი საკვანძო შეხვედრა დღეს, "ეტიჰადზე" შედგა, სადაც "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალი" ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

    "სიტიმ" პრემიერ ლიგის საშინაო მატჩში გოლის გატანა 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ვერ შეძლო, ამაში უდიდესი წვლილი კი "მეთოფეთა" ფრანგ უკანახაზელს, ვილიამ სალიბას მიუძღვის. სალიბამ, გაბრიელ მაგალაეშის დახმარებით, ერლინგ ჰოლანდი სრულად გაანეიტრალა და შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც დაიმსახურა.

    ყაიმით დასრულებული მატჩი 23 წლის ცენტრალურმა მცველმა Sky Sports-თან ინტერვიუში შეაფასა.

    "კმაყოფილები ვერ ვიქნებით, როცა მატჩი ფრედ მთავრდება, მაგრამ არა უშავს.

    ასეთი შეხვედრებისგან ვსწავლობთ. როდესაც ვერ ვიგებთ, იმდენი მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ არ წავაგოთ. დღეს ეს კარგად გამოგვივიდა. მანჩესტერს 1 ქულით ვტოვებთ, თუმცა კმაყოფილები არ ვართ.

    მთელი თამაშის განმავლობაში ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ. გოლი ვერ გავიტანეთ და არც გავუშვით.

    გაბრიელ მაგალაეში კარგი ფეხბურთელია. ის ძალიან მეხმარება, თუმცა ეს გუნდის დანარჩენ წევრებზეც ითქმის. ბურთის დაკარგვის შემდეგ ყველა უკან ჩამორბის. ასე უნდა გავაგრძელოთ," - თქვა სალიბამ.

    "არსენალი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე დაქვეითდა და "ლივერპულს" ახლა 2 ქულით ჩამორჩება, ოღონდ "სიტიზენებთან" არსებულ 1-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს. მომდევნო მატჩს გუნდი 3 აპრილს "ლუტონ თაუნთან" ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები