• 09-04-2024
    "ეს დიდი ბრძოლა იქნება" - ჟესუსი "ბაიერნთან" მატჩის წინ
    "ეს დიდი ბრძოლა იქნება" - ჟესუსი "ბაიერნთან" მატჩის წინ
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალი" დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს, სადაც მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს.

    მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მიკელ არტეტას "მეთოფეთა" ბრაზილიელი თავდამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი ახლდა. სხვა თემებთან ერთად, გაბის შეკითხვები მომავალ დაპირისპირებაზე, "არსენალის" დაცვის ხაზის დამაჯერებელ თამაშსა და მის ძველ მეგობარზე, ლეროი სანეზე დაუსვეს.

    "ეს "ბაიერნია". მათ ყურებაში გავიზარდე. მათ დიდებული გუნდი ჰყავდათ და ახლაც ჰყავთ. მომენტს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს მაინც "ბაიერნია" და მათი ფეხბურთელები მაინც უმაღლესი კლასის არიან.

    ეს დიდი მატჩი და ბრძოლა იქნება. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ისინი დავამარცხოთ.

    სალიბა და გაბრიელი ძალიან კარგად თამაშობენ. მათ გასაოცარი სეზონი აქვთ და ბევრს შრომობენ. 

    ისინი უდიდეს დახმარებას გვიწევენ, მაგრამ ეს სხვებზეც ითქმის. მაგალითად, ბენ უაითზე, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია და მუდამ ფორმაშია. ის წინ და უკან დარბის. ნამდვილი მანქანაა. იაკუბ კივიორი ამპლუით ცენტრალური მცველია, თუმცა მარცხენა მცველად თამაშობდა. ზინჩენკო და ტომიასუ დაბრუნდნენ. ასევე ჟორჟინიო, დეკლან რაისი. დაბრუნდა ტომას პარტეი და ისიც გვეხმარება.

    სანე ბრწყინვალე ფეხბურთელი და არაჩვეულებრივი ადამიანია. ერთად ბევრი კარგი მოგონება გვქონია. ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცით. მისი შეჩერება რთული იქნება. საქმე მხოლოდ სანეში არ არის. მათ მაღალი დონის მოთამაშეები მრავლად ჰყავთ: ჰარი კეინი, მუსიალა, მიულერი, კომანი, გნაბრი..." - თქვა ჟესუსმა.

    შეგახსენებთ, რომ "ემირეიტსზე" ჩასატარებელი შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები