• 05-05-2024
    მაგუაიერი "მანჩესტერს" 3 კვირით გამოაკლდა
    მაგუაიერი "მანჩესტერს" 3 კვირით გამოაკლდა
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედის" ტრავმირებულთა სია კიდევ უფრო გაიზარდა. მას 31 წლის ცენტრალური მცველი, ჰარი მაგუაიერიც შეუერთდა.

    ინგლისურმა გრანდმა დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებით გვამცნო, რომ ჰარის კუნთის ტრავმა აქვს. იგი გუნდს 3 კვირით გამოაკლდა.

    ჰარი "წითელ ეშმაკებს" ვერ დაეხმარება ორშაბათს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში. გარდა ამისა, ინგლისელი შეიძლება ვერც პრემიერ ლიგის ბოლო 3 შეხვედრაში ვიხილოთ, სადაც "ემიუ" "არსენალს", "ნიუკასლსა" და "ბრაიტონს" უნდა დაუპირისპირდეს.

    მაგუაიერი გუნდს 25 მაისისთვის უნდა დაუბრუნდეს. ამ დღეს ერიკ ტენ ჰაგის კოლექტივი ასოციაციის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტის" შეერკინება. თუ ჰარის გამოჯანმრთელება ვერ მოესწრო, მომდევნო ნიშნულად ევრო 2024-ია ასაღები, სადაც მაგუაიერს აუცილებლად ვნახავთ.

    მანჩესტერელთა დაცვის ცენტრში საკადრო პრობლემები მძვინვარებს. "ბარნლის" წინააღმდეგ იქ კაზემიროს მოუწია თამაში. მართალია, ხვალისთვის ჯონი ევანსის დაბრუნებას ელოდებიან, მაგრამ ლისანდრო მარტინესი, ვიქტორ ლინდელოფი და რაფა ვარანი კვლავ ლაზარეთში რჩებიან.

    აქვე გეტყვით, რომ მაგუაიერმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 4 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები