• 09-05-2024
    ჟორჟინიო "არსენალში" 2025 წლის ივლისამდე დარჩება
    ჟორჟინიო "არსენალში" 2025 წლის ივლისამდე დარჩება

    იტალიელმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

    გამოცდილი შუახაზელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდებოდა. მოარული ხმები მას იტალიაში დაბრუნებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ ის "ემირეიტსზე" მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

    "აქ დარჩენით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამ ოჯახის ნაწილად ყოფნა პრივილეგიაა. ჩემი ოჯახი ბედნიერია, თავს კარგად ვგრძნობთ და წინ კიდევ ბევრი რამ გველის.

    სიმართლე გითხრათ, განსახილველი ბევრი არაფერი ყოფილა. ჩემთვის ისიც ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ კლუბში მაფასებენ და უნდათ, აქ უფრო მეტ ხანს ვიყო. ვგრძნობ, რომ მეტი მაქვს გასაკეთებელი. ამიტომაც დავრჩი," - უთხრა 32 წლის ნახევარმცველმა "მეთოფეთა" ოფიციალურ ვებსაიტს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში ჟორჟინიოს მონაგარი 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

    შეგახსენებთ, რომ იტალიელი "არსენალს" 2023 წლის იანვარში ლონდონის "ჩელსიდან" შეუერთდა.

    Facebook კომენტარები