• 30-06-2023
    “ჩვენი მიზანია ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ” - რამაზ სვანაძე ისრაელთან მატჩის წინ
    “ჩვენი მიზანია ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ” - რამაზ სვანაძე ისრაელთან მატჩის წინ

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ისრაელთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

    “რთულ თამაშს ველოდებით. ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში სხვანაირად წარმოუდგენელია. ისრაელს დიდ პატივს ვცემთ, მათ ძალიან დიდი პროგრესი აქვთ. ჩვენი მიზანი იქნება, რომ ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ. გვინდა შევინარჩუნოთ გუნდურობა, რაც ჯგუფურ ეტაპზე გამოგვარჩევდა.

    დავიწყებ იმით, რომ შემთხვევით ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ვერცერთი გუნდი ვერ მოხვდება. გამოსარჩევია ისრაელის გუნდურობა. ორივემ დავიმსახურეთ 1/4 ფინალში მოხვედრა. რაც შეეხება ისრაელთან მარცხს გორში, ახლა სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება, ეს 1/4 ფინალია და ფეხბურთელებმა ინდივიდუალურად შეცდომა არ უნდა დაუშვან. მებრძოლი გუნდია, თუმცა ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს.

    რაც შეეხება აღდგენას პროცესს. 1 დღე რომელიც ჩვენ გვქონდა, ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიტყვი, რომ ნიდერლანდებთან ორივე ტაიმში დაღლილობა შეიმჩნეოდა. ფეხბურთელების უმეტესობა ასეთ გრაფიკს არ არის შეჩვეული, თუმცა გუნდი მზად არის ფიზიკურად ხვალინდელი თამაშისთვის.

    განწყობა რა თქმა უნდა, დადებითია. ის თამაშები, რომელიც ჩვენ წარმატებით გავიარეთ, ეს პირველად მოხდა, ცხადია, ეს განწყობაზე აისახა. ტაქტიკური ცვლილებები იქნება, ყველა გუნდს განსახვავებულად ვუდგებით. ხშირად გვიწევს მეორე ნომრად თამაში, თუმცა ბურთის ფლობის მხრივ, მეორე ნომრად როცა ვთამაშობთ მაინც წარმატებული შედეგი გვაქვს. სხვადასხვა მეტოქესთან მეორე ნომრად თამაში არის იმისთვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას.

    ჩვენ ყველა თამაშში გვიწევს დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ღირსეული გუნდი. მოლოდინები ყველა თამაშში იცვლება. დღეს მივედით იქამდე, რომ მთელი საქართველო ერთი მატჩისთვის შეიკრიბა. მე როგორც მწვრთნელი ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი ერთიანი საქართველო ფეხბურთის გარშემო დიდი ხანია არ მინახავს. ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ ისე, როგორც იყო. ფეხის დაცდენის უფლება არ გვაქვს. ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არ გვქონია მსგავსი შემთხვევა, როდესაც ფავორიტები ვიყავით და ეს კარგი შეგრძნებააა.

    ჩვენ ვემზადებით ყველა კომპონენტისთვის. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ პენალტებისთვის ცალკე არ ვემზადებოდით. მზად ვართ ნებისმიერი შედეგისთვის.

    რაც შეეხება ყვითელ ბარათებს, გასათვალისწინებელი ის ფაქტი, თუ როგორ ეპიზოდებში ვიღებთ. სათამაშო ეპიზოდებში იყო 90%. ისეთ გუნდებთან ვთამაშობდით, რომ გვიწევდა ჯარიმების აღება. თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ამ მხრივ გუნდში კარგად ვართ განწყობილნი. ვერ ვიტყვი, რომ გიორგი და ის მოთამაშეები, რომლებსაც არ უთამაშიათ ხვალ ითამაშებენ. სასტარტო შემადგენლობას ხვალ ყველა ერთად გავიგებთ.


    რაც შეეხება პოზიტიურ დინამიკას. ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ფაქტი. ჩვენ უკვე სულ სხვა დონეზე ვართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ ფეხბურთშია გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები დიდ ფორუმზე ითამაშებს. კვარაცხელია, მიქაუტაძე, ასევე ჩვენ ნაკრებში მყოფი ფეხბურთელები დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. ველოდებით პოზიტიურ მომავალს.

    სიმართლე გითხრათ, არსებობს ბევრი ადამიანი, ვუსთვისაც ჩვენი 1/4 ფინალში ყოფნა იყო სიურპრიზი. მე წლებია ამ ბიჭებთან ერთად ვმუშაობ, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ დანამდვილებით უნდა გავსულიყავით 1/4 ფინალში, თუმცა ამის იმედი გვქონდა. ვერ ვიტყვით, რომ ისრაელის ნაკრების წარმატება ჩემთვის სიურპიზი იყო, იგივე მათი 20-წლამდელთა წარმატება აღსანიშნავია, ძლიერი გუნდია და კარგ თამაშს ველოდებით”. - განაცხადა სვანაძემ.

    ცნობისთვის, შეხვედრა 1 ივლისს 20:00 საათზე დინამო არენაზე შედგება. 

    Facebook კომენტარები