• 04-08-2024
    კიეზა და სხვები - "იუვენტუსმა" 9 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა
    კიეზა და სხვები - "იუვენტუსმა" 9 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

    ტურინის "იუვენტუსმა" პირველი გუნდის 9 ფეხბურთელს ახალი კლუბის მოძებნისკენ მოუწოდა. "ბიანკონერის" ახალი თავკაცი, ტიაგო მოტა შემადგენლობაში წმენდის მოწყობას აპირებს და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.

    სიაში ყველაზე მოულოდნელი ფედერიკო კიეზას ხილვაა. "ზებრების" ვარსკვლავი მოტამ პესკარაშიც კი არ წაიყვანა, სადაც მისმა შეგირდებმა "ბრესტთან" ამხანაგური მატჩი ფრედ დაასრულეს, ანგარიშით 2:2. 

    "კიეზა გუნდთან ერთად არ იყო, რადგან ის შემადგენლობას ჩამოვაშორეთ და ტრანსფერზსეა დაყენებული. ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც დღეს აქ არ არის, ტრავმირებული მირეტის გარდა, პროექტს მიღმაა. მათ ახალი გუნდის მოძებნა მოუწევთ და ეს მათ ნათლად ავუხსენით. 

    დარწმუნებულები ვართ, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ." - განაცხადა ახალგაზრდა სპეციალისტმა.

    კიეზასთან დამშვიდობების მთავარი მიზეზი მისი კონტრაქტია. 26 წლის გარემარბს "ბებერ ქალბატონთან" ხელშეკრულება გაისად ეწურება, მხარეები კი მის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ. ფედეს უფასოდ დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, პიემონტელებმა მისი ახლავე გაყიდვა გადაწყვიტეს, მსურველებად კი "ტოტენჰემი" და "ჩელსი" განიხილებიან.

    გარდა იტალიელი შემტევისა, განკვეთილთა სიაში ასევე იმყოფებიან: ვოიცეხ შჩესნი, დანიელე რუგანი, ტიაგო ჯალო, მატია დე შილიო, არტური, უენსტონ მაკკენი, ჰანსი-ნიკოლუსი კავილია და ფილიპ კოსტიჩი.

    აქვე გეტყვით, რომ ამ ზაფხულს "იუვემ" უკვე 4 ტრანსფერი განახორციელა. ტურინელებმა გუნდში დუგლას ლუისი, მიშელე დი გრეგორიო, ხუან კაბალი და ხეფრენ ტურამი მოიყვანეს. "ზებრები" ასევე გეგმავენ ჟან-კლერ ტოდიბოსა (ნიცა) და ტონ კუპმაინერსის (ატალანტა) შეძენასაც.


    Facebook კომენტარები