ტურინის "იუვენტუსის" 26 წლის შემტევმა, ფედერიკო კიეზამ დაადასტურა, რომ კარიერას მერსესაიდულ "ლივერპულში" გააგრძელებს. ფედერიკო ამის თაობაზე იტალიელ ჟურნალისტებს ესაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ.
"ლივერპულის" ფეხბურთელად გახდომას მოუთმენლად ველის. მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ.
მადლობას ვუხდი "იუვენტუსსა" და გულშემატკივრებს. ისინი ყოველთვის განსაკუთრებულად მეპყრობოდნენ.
ახლა "ლივერპულის" დროა! ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის გავხდები ამ გუნდის წევრი," - განაცხადა "ბებერი ქალბატონის" გარემარბმა.
ფაბრიციო რომანოს თუ ვენდობით, "წითლები" "ზებრებს" 10.9 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდიან. გიორგი მამარდაშვილის შემდეგ (რომელიც "სქაუზერებს" 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება), კიეზა კლუბის მეორე დანამატია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.
იტალიელი შემტევით "ბარსელონაც" ინტერესდებოდა, მაგრამ "ბლაუგრანას" ფინანსურმა პრობლემებმა ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი გახადა.
აქვე გეტყვით, რომ ფედემ "ბიანკონერის" მაისური წინა სეზონის 37 მატჩში მოირგო. მან თავი 10 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.