ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფორმატის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა გუშინ "ლაიფციგ არენაზე" ვიხილეთ, სადაც ადგილობრივი "ლაიფციგი" ტურინის "იუვენტუსს" ორჯერ უგებდა და "ზებრები" 10 ფეხბურთელით იყვნენ დარჩენილნი, თუმცა გამარჯვება მაინც ტიაგო მოტას გუნდს დარჩა - 2:3.
გერმანული და იტალიური გუნდებიდან დუბლები ცენტრფორვარდებმა, ბენჟამინ სესკომ და დუშან ვლაჰოვიჩმა გაცვალეს. მოედნიდან "ბიანკონერის" მეკარე, მიშელე დი გრეგორიო საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის გააგდეს, გადამწყვეტი გოლი ფრანსისკო კონსეისაუმ 82-ე წუთზე, ულამაზესი ფინტის შემდეგ შეაგდო.
მძიმე ბრძოლაში მოგებული მატჩის შესახებ ვლაჰოვიჩი Amazon Prime Video-ს ესაუბრა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით, გუნდის გამო. თითქმის 45 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ. ნამდვილი გუნდი ვხდებით. ვიბრძოლეთ ისე, როგორც მწვრთნელი გვთხოვდა, და პრესინგი მაშინაც კი არ შეგვიწყვეტია, როცა 10 ფეხბურთელით დავრჩით. რა თქმა უნდა, ბოლოს გაგვიჭირდა, მაგრამ გამარჯვება მაინც დავიმსახურეთ.
გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია. ვაჩვენეთ, რომ მხოლოდ კარგი გუნდი კი არ ვართ, არამედ გუნდი, რომელიც ერთად თავს კომფორტულად გრძნობს და დიდებული რაღაცების გაკეთება შეუძლია.
რა თქმა უნდა, როცა გოლი გამაქვს, ყველაფერი უფრო ლამაზდება. მე თავდამსხმელი ვარ. უგოლოდ დარჩენა დეპრესიაში არ მაგდებს, მიუხედავად იმისა, რომ გარედან შეიძლება ასე ჩანდეს. გოლები თავდაჯერებას მატებს," - თქვა სერბმა ცხრიანმა.
მოტას ბიჭებს 6 ქულა აქვთ, ჩემპიონთა ლიგის ფაზის ცხრილში მე-7 პოზიციაზე არიან და 22 ოქტომბერს შინ გერმანულ "შტუტგარტს" მიიღებენ.