34 წლის თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი იტალიის სერია ა-ში დაბრუნდა. ვეტერანი ცენტრფორვარდი, რომელიც თავისუფალი აგენტი გახლდათ, "ჯენოამ" დაიმატა.
მარიოს დაბრუნების შესახებ იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ჩეზარე პრანდელიმ ისაუბრა. ბალოტელის პრანდელის ხელმძღვანელობით ევრო 2012-სა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე უთამაშია, ამიტომ ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ.
"მზადაა თუ არა იგი? ვინ იცის... იმედი ვიქონიოთ, მაგრამ ფეხბურთის დღევანდელი სიჩქარე სახუმარო არ არის. ფიზმომზადების მწვრთნელი ამბობს, რომ მარიოს 35-40 წუთის თამაში შეუძლია, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი დროა. ლამაზი ამბავი ისაა, რომ უეცრად ყველა მარიოს ფანი გახდა, მე კი არასდროს მინახავს ის ასეთი მოწადინებული.
მარიოს ბევრჯერ ჰქონდა თავისი "ბოლო შანსი", ოღონდ ახლა მგონია, რომ ეს მართლა უკანასკნელია. ლაპარაკის დრო აღარაა. ბალოტელი იმით უნდა შევაფასოთ, რასაც მოედანზე გააკეთებს.
მან უნდა გაიგოს, რომ ეს ბოლო შანსი ყველაზე მნიშვნელოვანია, რათ იგი შესაფერისად დაიმახსოვრონ." - თქვა პრანდელიმ.
სერია ა-ს 9 ტურში "ჯენოას" 6 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფება. გენუელები ხვალ "ფიორენტინას" უმასპინძლებენ. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.