• 30-07-2023
    "ლაციო" ტეტესთვის იბრძოლებს
    "ლაციო" ტეტესთვის იბრძოლებს

    Corriere dello Sport იუწყება, რომ რომის "ლაციო" დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი გარემარბის, ტეტესთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაერთო.

    "ლაციალეს" მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი ფლანგის შემტევს ეძებს. "სასუოლოს" დომენიკო ბერარდისა და "ბოლონიას" რიკარდო ორსოლინიზე თვალის დადგმის შემდეგ, სარიმ ყურადღება ტეტეს მიაპყრო, რადგან განსხვავებით იტალიელი შემტევებისგან, ბრაზილიელის დამატება უფასოდ შეიძლება.

    მართალია, 23 წლის ფეხბურთელს "შახტართან" კონტრაქტი დეკემბერში ეწურება, მაგრამ ფიფას ახალი რეგულაციები ლეგიონერებს აძლევთ უკრაინულ კლუბებთან ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის საშუალებას. ცხადია, ამის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომი გახლავთ.

    ტეტემ გასული სეზონის მეორე ნახევარი "ლესტერ სიტიში" გაატარა, თუმცა მას მერე, რაც "მელიები" პრემიერ ლიგიდან გავარდნენ, მისი "ქინგ ფაუერ სთედიუმზე" დარჩენა გამორიცხული იყო.

    გავრცელებული ცნობების თანახმად, ბრაზილიელით "ევერტონი" და "სელტიკიც" ინტერესდებიან. როგორც ჩანს, "ლაციოს" ეს არ აშინებს.

    სხვათა შორის, ტეტე "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" რადარებზეც იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ "პარტენოპეის" ირვინ ლოსანო დატოვებს, ნეაპოლელები მის ერთ-ერთ პოტენციურ ჩამნაცვლებლად სწორედ ტეტეს განიხილავენ.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები