• 11-09-2023
    "ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა" - პოგბა კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა
    "ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა" - პოგბა კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა
    Author of the article
    Aa

    ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაგეგმილი ყაჩაღობის ამბის გახსნის შემდეგ, კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

    გასულ წელს გამოძიებამ პოგბაზე განსახორციელებელი ყაჩაღობის საქმე გახსნა. როგორც მაშინ გაირკვა, 30 წლის ფეხბურთელის ძმა, მატიას პოგბა და პოლის ბავშვობის მეგობრები ვარსკვლავისგან 13 მილიონი ევროს გამოძალვას აპირებდნენ.

    "ფული ხალხს ცვლის... მას ოჯახის დანგრევაც შეუძლია. ამან შეიძლება ომი გამოიწვიოს. 

    ხანდახან ვფიქრობდი: "ფული აღარ მინდა. თამაშიც აღარ მინდა. უბრალოდ ნორმალურ ადამიანებთან მინდა ყოფნა, რომლებსაც იმის გამო ვეყვარები, როგორი პიროვნებაც ვარ - არა სახელის, არა ფულის გამო.

    მსურს, ჩემს მოძულეებს საკუთარი სიტყვები ვანანო; დავანახო, რომ სუსტი არ ვარ. მათ შეუძლიათ რაც უნდათ ის ილაპარაკონ. მე არასდროს დავნებდები.

    ფეხბურთი ძალიან ლამაზი, მაგრამ სასტიკი სპორტია. ხალხმა შეიძლება ერთ დღეში დაგივიწყოს. ერთ დღეს შეიძლება რაღაც დიდებული გააკეთო, თუმცა მეორე დღეს უკვე აღარაფერს წარმოადგენ.

    ხალხი ელოდება იმ დღეს, როცა შეეძლებათ, რომ დასრულებულად ჩაგთვალონ. ამ კომენტარებს მას მერე ისმენ, რაც გოლებს გაიტან და მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებ. ხალხს ეს ყველაფერი ავიწყდება, ამიტომ ყოველთვის რაღაც გაქვს დასამტკიცებელი.

    ეს უნდა მიიღო, ოღონდ მსგავსად არავინ უნდა კრიტიკდებოდეს. ბევრი ფეხბურთელია, რომლის ფსიქიკამაც ამ ყველაფერს ვერ გაუძლო. მათ ფეხბურთის თამაში აღარ მოუნდათ მთელი ამ ნეგატივის გამო," - ამბობს პოლი.

    შეგახსენებთ, რომ პოგბა 2022 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "იუვენტუსში" დაბრუნდა, მაგრამ გასული სეზონი ტრავმების გამო ჩაუვარდა. 30 წლის ფეხბურთელმა ახალ სეზონში უკვე 2 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება.

    Facebook კომენტარები