• 09-01-2023
    დიდი ბრძოლა გზატკეცილზე - "ნაპოლისა" და "რომას" ფანებმა იჩხუბეს
    [/xfgiven_playerads]
    დიდი ბრძოლა გზატკეცილზე - "ნაპოლისა" და "რომას" ფანებმა იჩხუბეს
    Aa

    "ნაპოლისა" და "რომას" ქომაგებმა არეცოსთან ახლოს, გზატკეცილზე მასობრივი მუშტი-კრივი მოაწყვეს. დაპირისპირებამ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა, თუმცა "ჯალაროსის" ერთი გულშემატკივარი მძიმედ დაიჭრა.


    იტალიური გუნდების ტიფოზები ერთმანეთს A1 მაგისტრალზე წააწყდნენ. რომაელები მილანში მიდიოდნენ "მილანი" - "რომას" მატჩზე დასასწრებად, ნეაპოლელებს კი გენუა და მეტოქედ "სამპდორია" ელოდათ. 


    ჩხუბი "პარტენოპეის" ფანებმა დაიწყეს - მაშხალები და ქვები გატყორცნეს "რომას" ავტობუსის მიმართულებით. ჯგუფების წევრებმა ჩხუბში მეტალის ჯოხები, ბიტები და ქამრები გამოიყენეს. კონფლიქტმა 15-კილომეტრიანი საცობი წარმოქმნა, რამაც გზატკეცილზე გადაადგილება შეზღუდა. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, დაიჭრა 1 ქომაგი და იგი არეცოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.


    დაკავებულთა საერთო რიცხვმა 195 შეადგინა. "ნაპოლის" 80 ქომაგი გენუაში დაიჭირეს, როცა ისინი "სამპდორიას" სტადიონზე შესვლას ცდილობდნენ, "რომას" 115 გულშემატკივარს კი ბორკილები მილანში დაადეს. სხვათა შორის, "პარტენოპეის" ტიფოზთა გარკვეული ნაწილი ჩხუბის მერე შინ, კამპანიაში დაბრუნდა.


    მომხდარს გამოეხმაურნენ რომისა და ნეაპოლის მერები - რობერტო გალტიერი და გაეტანო მანფრედი. ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ რომისა და ნეაპოლის მოსახლეობა ერთმანეთთან მეგობრობს, ეს ინციდენტი მათ ურთიერთობაზე გავლენას ვერ იქონიებს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.


    აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩებში "ნაპოლიმ" "სამპდორიას" დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 მოუგო, "სან სიროზე" ჩასულმა "რომამ" კი "მილანს" ქულა ბოლო წუთებზე გამოგლიჯა  - 2:2.

    Facebook კომენტარები